Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაციენტის დღიური #3 - ხათუნა

29 ივნისი 2015
  1. მე მგონი,  არაფერი არ არის იმაზე საინტერესო, ვიდრე ქვეცნობიერთან კომუნიკაცია და რეალურ დროში მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარ ქცევაზე დაკვირვება. გონების ნაწილების პირველი ასეთი კავშირი სიტყვა ენდოკრინოლოგის ამოტივტივებისას შედგა, ახლა შემდეგის, უფრო მძაფრის ჯერია.

ენდოკრინოლოგი ქეთი თანდათან უფრო მომწონს. სიმტკიცეს ვგრძნობ გადაწყვეტილების მიღებისას, რაც ჩემთვის ერთგვარი გარანტია. ასე მგონია ამ სიმტკიცეს ცოდნა უდევს საფუძვლად. ამას ენერგიაც ემატება, აშკარად შეუძლია ჩემი მოთოკვა. განათლება ის არის, რასაც შეუძლია უძლური გამხადოს. ცოტას გავიბრძოლებ, რომ მივხვდე მასშტაბებს და მერე მივყვები...

იმ წამს ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრის მეორე სართულზე, კიბის თავში დგომისას, ამოსუნთქვის და მე-სთან შეთანხმების შემდეგ პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ გადამემოწმებინა  ნათქვამი და შემემცირებინა რისკები, რომელიც აუცილებლად გაჩნდებოდა ჯანდაცვის სფეროს უსისტემობის გამო. მერე რა, რომ ქეთი მომწონს. თავს უფლებას ვერ ვაძლევ ამ მუხტს გავყვე.

რითი აჯობებს დაწყება? ამ შეკითხვის დასმისთანავე  გეგმა თავისით იხაზება.

მოკლე დროში შესაქმნელ სტატიაზე მუშაობას ჰგავდა. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, გადავწყვიტე გამეგო იმ ექიმების და კლინიკების შესახებ, სადაც ჩემზე ექსპერიმენტებს არ ჩაატარებდნენ. თან ისე, რომ არ მიმემართა ბევრი ადამიანისთვის და ვისაც ვკითხავდი, მას უკვე ჰქონოდა საკმარისი გამოცდილება.

ამომიტივტივდა ხათუნა, ჩემი თანამშრომელი რადიო „იმედიდან“, ჩემი მეგობარი. ნათლად დავინახე, როგორ ზის სამუშაო მაგიდასთან, გვერდით ლურჯ სკამზე ჩანთა დევს, მაგიდაზე ბლოკნოტია, საქაღალდე, დოკუმენტები, ტელეფონი. მეორე ტელეფონით  საუბრობს, მაისურის საყელოსთან ნაიარევი მოსჩანს. მკრთალი, უკვე მიმქრალი ნაიარევი. მოძრაობის დროს თუ შეამჩნევ, ისიც ყოველთვის არ ჩანს.

ხათუნა ,ხათუნა, ხათუნა, ჰო, ხათუნამ ახსენა რაღაც ერთხელ გაკვრით.  ხათუნას დავურეკავ, ეს საკმარისი იქნება და სანდოც. ათასგზის გადაამოწმებდა. დაჩის, ნანატრი შვილისადმი სიყვარული იმდენად აქვს გამჯდარი ყველა უჯრედში, საკუთარ ჯანმრთელობას უცილობლად  დიდი სიფრთხილით მოეკიდებოდა. ასეთი განა ბევრი ვიცი?!

ვრეკავ.

- ხათო იცი რა მინდა გკითხო, შენ რისი ოპერაცია გაიკეთე?

- ფარისებრის. ნახევარზე. რატომ? რამე მოხდა?

- აი გამოკვლევაზე ვარ და ბიოფსიაზე მიშვებენ. შენ სად იყავი? ვისთან? (შეგნებულად არ ვასახელებ გვარს).

- კალოიანთან.

- ხო მაგასთან გამიშვეს მეც.

- ძალიან კარგია, არაფრის არ შეგეშინდეს. მაგარია, მაგასთან პასუხების გადასამოწმებლად დადიან. მაგარი ქალია.

რაო, რა გითხრეს? აღმოვაჩინე, რომ ხათუნას აქვს საოცარი უნარი სიმსუბუქე შესძინოს შენს მოლოდინს, გაფანტოს და საუბრის დასასრულს გაგიჩნდეს შეგრძნება, თითქოს არაფერი ხდება. უბრალოდ გადამოწმება გრძელდება.

მახსოვს გულწრფელი დიალოგი გვქონდა. მსუბუქი. არავითარი ტრაგედია, სენტიმენტი, ნიჰილიზმი, გოდება.

ხათო დაგირეკავ, შევუთანხმდები ახლა ამ ქალს. ვეუბნები და შენობიდან გავდივარ.

ვიღაცისთვის ზედმეტად ტექნიკური დიალოგი იქნებოდა. უკვე გასაგებია, რომ გამოკვლევა გაგრძელდება. დიდ დროს წამართმევს და ეს აზრი არ მომწონს. საქმეს უნდა მოვწყდე. ერთადერთი რაზეც მეფიქრება არის ის, რომ დროის უმოკლეს მონაკვეთში დავასრულო ვიზიტები და მუშაობისას არ შევფერხდე.

მგონი "ფემინისტურ ფრონტლაინში" წავედი. გამოფენას ვაწყობთ სალომე, მარიკა და მე. ზუსტად არ მახსოვს.

ხათოს ისტორიის  ტვინის აქტიურ ნაწილში ამოგდება განსაზღვრავს  ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას, რაც ამტკიცებს მოსაზრებას ქვეცნობიერის ბატონობაზე. ხათო ადასტურებს იმ ექიმთა კვალიფიციურობას, რომლებთანაც გამოკვლევაზე ან დიაგნოზის დასასმელად მიშვებენ. ტექნიკურად, მოქნილად და სწრაფად ვმუშაობთ. ისინი მე მეუბნებიან, მე ხათოსთან ვამოწმებ, ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ და შემდეგ მე ვმოქმედებ.

კალოიანმა საღამოს შვიდ საათზე ლეჩკომბინატში დამიბარა.

მახსენდება რომ ქავთარაძეზეა.

წვიმას აპირებს...

.   .   .

გაწკრიალებულსალონიანი ტაქსით ვიმგზავრე... რატომ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მიკვირს.

ლეჩკომბინატში პირველად ვარ. ეზო ცარიელია, შენობაში შევდივარ, მიმღები ზონა არის თუ არა ვერ ვხვდები. უკვე ვისწავლე, რომ აღშფოთება ფუჭია, მოქმედება აჯობებს. დაცვის თანამშრომელს მოვკარი თვალი, ვუახლოვდები, ვეკითხები, სად არის კალოიანის კაბინეტი. მაჩვენებს. დერეფანში კანტიკუნტად განაწილებულან პაციენტები.

ვიპოვე... ფრთხილად ვაკაკუნებ. ოთახში ბევრი ქალია, ერთ-ერთი მაკვალიანებს. დერეფანში  შემობრუნებულს ახალგაზრდა ექთანი მეფეთება. პირდაპირ საქმეზე გადადის - გადაიხდით, ანკეტას შეავსებთ, გადაიხდით, წაიღებთ, მოიტანთ, გადაიხდით, მისცემთ, მერე შეხვალთ, გამოხვალთ, გადაიხდით. მოკლედ რომ უნდა გადავიხადო ეს გავიგე, სხვებშიც როგორმე გავერკვევი.   

გოგონა, უკაცრავად, ერთი წუთით. თითქოს სიმშვიდისკენ ვუბიძგებ ამ ფრაზით და მორიგი „გადაიხდით“-ს თქმამდე ვაწყვეტინებ  საუბარს. იცით, სრული დაზღვევა მაქვს... ამასობაში ამ პატარა ოთახის შესწავლას ვახერხებ. ვხვდები, სადაც ვარ და უკვე სხვა ნოტაზე ვაგრძელებ,  ნუ თუ პროვაიდერი არ არის გადავიხდი, არ არის პრობლემა. აი, როგორ მიდის ყველა გზა თურმე „გადაიხდი“-მდე.

დამშვიდდა. ფერი შეემატა სახეზე. გადაიხდის, გადაიხადა, გადახდა - ფიქრობს ალბათ გუნებაში. ისეთი უხეშიც აღარ არის თითქოს, მე ხომ გადავიხდი.

სასიამოვნო ქალი ყოფილა კალოიანი. სახელი დღემდე არ ვიცი.  გამომელაპარაკა, გამომკითხა რა ხდება. ვუყვები, კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ ქეთიმ გამომგზავნა. მაგიური ფრაზაა, თუნდაც არ ეთანხმებოდე ვინმეს გამოგზავნილის სტატუსს.

ვწვები სამედიცინო ტახტზე. ასისტენტი მეხმარება. თეთრ კედელს ვუყურებ გულაღმა დაწოლილი და თითქოს ვხედავ, როგორი შეიძლება იყოს პროცედურა. უკვე ნაცად, სხვა სამყაროში გადასვლის მეთოდს მივმართავ და გონებით ოთახიდან გავდივარ. ვთიშავ სხეულის იმ მონაკვეთს, რომელსაც ექიმი შეეხება. მშვიდად ვარ. ოთახში მყოფი პირების გასაკვირად - მშვიდად. მეშინია დამყარებული კავშირი არ გაწყდეს.

მაშინ, როცა გრძელი ნემსი ჩემს ფარისებრში გაჩენილი კვანძისკენ მიიწევს ჩემი გონება წვდება სივრცეს, რომელიც მხოლოდ მან  და მე ვიცით. ულტრასონოგრაფიის აპარატით მათვალიერებენ. კალოიანი გადაწყვეტილებას იღებს, მეორე კვანძის სითხეც ამოიღოს. ამისთვის მზად არ ვარ და უნებურად რამდენიმე წამით ვუბრუნდები ოთახში არსებულ რეალობას, და ამ დროს ვგრძნობ როგორ ამოძრავებენ  სხეულში შესულ წვრილ და უსაშველოდ გრძელ ნემსს უხეშად.  ვცდილობ ისევ გავიდე. ერთი, ორი, სამი... 5 -10 წუთში დასრულდა.

ნეტავ თავად თუ გაუკეთებია ბიოფსია კალოიანს? გავიფიქრე, მაგრამ არ ვეკითხები. არ მეტკინა, უბრალოდ გამაღიზიანა ფაქტმა, რომ ეს პროცედურა დამჭირდა. რომ ჩემს სხეულში შესვლას იწყებენ, რომ ჩემი ლიმფური კვანძისკენ წასული მეტასტაზები სხვა სხეულებში დაბუდებულ კოლეგებს უკვე გაშმაგებით ეძებენ და ყოველი ახალი პროცედურისას ვგრძნობ, როგორ  ვუახლოვდები ადამიანთა უზარმაზარ ჯგუფს - კიბოს დიაგნოზით.

ხათუნამ მითხრა სითხის ფერით შეუძლია პირველადი პასუხი გითხრას და მაინც ჰკითხეო.

 ვეკითხები. მითხრა რომ საშიში არ არის, მაგრამ აჯობებს პასუხებს დაველოდოთ.

ქეთიმ დაურეკა, ამიტომ ბიოფსიის პასუხს ხვალ, 13 საათზე გავიგებთ.

გამოვედი, ახალგაზრდა ექთანი პირს აღებს - გადაიხ... სიტყვის დასრულებას არ ვაცდი ისე ვეუბნები.

 - გოგონა, მეორე პროცედურაც ჩამიტარეს. თუ ტერმინალი გაქვთ ახლა გადავიხდი, თუ არ გაქვთ, ხვალ მოვდივარ და წამოვიღებ ქეშს.

 - ჩაიბურდღუნა რომ ტერმინალი არ არის. გამეცალა...

დერეფანში მხრებზე ხალათმოგდებულმა განყოფილების უფროსმა გაიარა. სავარაუდოდ ასაკოვანი ქალი იყო, დერეფანში მდგომ პაციენტებთან და თანამშრომლებთან ზეფამილაური კომუნიკაციით დამამახსოვრდა.

ალბათ ბევრი "ბანბანერკა" აქვს ოთახში, გავიფიქრე.

ლეჩკომბინატის დერეფანში ისეთი სიჩუმე იდგა, როგორიც შეიძლება იყოს საბჭოთა საქართველოში აშენებულ და შემდეგ რამდენჯერმე შეკეთებულ შენობაში.

ყველა შენობას თავისი ხმა აქვს... ხმა, რომ სიჩუმესაც აქვს ყველამ ვიცით.

 

  1. პირველი ნაწილი 
  2. მეორე ნაწილი 

მესამე ნაწილის დასასრული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^