Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენ და კრიტიკა

29 ივნისი 2015

ჩვენ რომ ის ხალხი ვართ, ვისაც ჭირის დღესავით სძულს კრიტიკა და ყოველგვარი შენიშვნა, რაც უნდა კეთილი გულით და ჭკვიანი გონებით იყოს გაკეთებული, ძველი ამბავია. კრიტიკა ისე გვძულს და ისე გვეშინია მისი, როგორც კატას - ძაღლის, ვირს - პიტნის, სპილოს - თაგვის და ა.შ. შედარებათა კასკადი წამოვა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი, რამდენადმე გასაგებია, თუმცა შესაძლოა, ბოლომდე ვერც ჩავწვდეთ ასეთი ფობიის უღრმეს საფუძვლებს.

კრიტიკა თავიდანვე, ანუ თავისი გაჩენის  დღიდანვე ორგვარი იყო - კეთილი და ბოროტი. პირველი მათგანი გასაკრიტიკებელი საგნისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა, მეორეს კი უფრო ბასრი ბრჭყალები ჰქონდა, არ ინდობდა ობიექტს, სძულდა კიდეც იგი. მას ბოროტი კრიტიკა უწოდეს. ამასაც, ისევე როგორც ჰუმანიტარული თეორიების უმეტესობას, ძველ საბერძნეთში დაედო დასაბამი. მას აქეთ ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, კვლავაც ამ ორი მიდგომით განისაზღვრება კრიტიკული ნაშრომები და კრიტიკოსთა დამოკიდებულებები. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ჩვენში კვლავაც დარჩა ერთნაირი, განუკითხავი მიუღებლობა კრიტიკისა, ერთბაშად მტრად მიჩნევა იმ ადამიანისა, ვინც გაბედა და გაგაკრიტიკა და ხშირად სერიოზულ დაპირისპირებამდეც მისულა გუშინდელი მეგობრების ურთიერთობა. ამის მიზეზი ჩვენს ფეთქებად ხასიათშიც დევს. უფრო სავალალო კი ის არის, რომ კრიტიკის მიუღებლობას, უმეტესწილად, საფუძვლად უდევს სიმართლის სიძულვილი, ამპარტავნობა, საკუთარი ნამოქმედარით ტკბობა და "მე ვარ და ჩემი ნაბადური" განწყობა. ეს ერთი მხარეა კრიტიკოსისა და მისი ობიექტის დამოკიდებულებისა, მაგრამ მეორე და არანაკლებ სავალალო კი ის არის, რომ ჩვენი კრიტიკოსები, უმეტესწილად, სწორედ ასეთი ბოროტი კრიტიკით გამოირჩევიან, არა - საგნისადმი სიყვარულით და ნაკლოვანებების დაძლევის, არამედ გასაკრიტიკებელი ობიექტის განადგურების სურვილით, მხოლოდ ნაკლის დანახვით და მისი ყველა ღირსების მიწასთან გასწორების ჟინით, ანდა, მთლად უარესი, ღირსებების ნაკლოვანებებად მონათვლით. ასეთ მიდგომას, რასაკვირველია, არაფერი აქვს საერთო იმ საპატიო საგანთან, რასაც ობიექტური, მეცნიერული კრიტიკა ჰქვია.

 ხშირად კრიტიკოსად გვევლინება ადამიანი, რომელსაც "ახლოსაც არ ჩაუვლია" მიზანში ამოღებულ საგანთან, მაგრამ თავდაჯერებულია და ეს ჰმატებს გამბედაობას. ან უარესიც ხდება, როდესაც ადამიანს რაღაც მოეკითხება, იმ საგნის კარგი და ავი გაეგება, მაგრამ ზოგადად არის განწყობილი ავად იმ კოლეგათა მიმართ, რომელთაც გაბედეს და იმ საგანს მოჰკიდეს ხელი, რაც მას უპყრია ხელთ. მისი სულისკვეთება ასეთია - "მე, ამისთანა მცოდნეს და გენიალურს რომ არაფერს მეკითხებიან და ისე სურთ ფონს გასვლა, თვალში ხომ არ ვეპატარავები, აბა, კარგად შემომხედონო!" თუმცა ისიც ერთი ჩვეულებრივი კაცია, საშუალო მონაცემებით და ნიჭით, ყოველ შემთხვევაში, ნიჭისა და გენიის განსაზღვრა არც კილოგრამობით შეიძლება, არც მეტრ-კვადრატობით. ისიც რაღაცას აკეთებს, შენც. მაგრამ მას, შენგან განსხვავებით, რიხი მეტი აქვს (შინაგანი მდგომარეობა კარნახობს, რომ ასეთი რიხიანი იყოს) და ამიტომ თავიც კიტრად მოაქვს. აიღებ, დაათვალიერებ, მიხვდები, რომ ერთი ჩვეულებრივია სხვა მრავალთა შორის და შენს გზაზე წახვალ, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ჩემი რეპლიკის მიზეზი სხვა სავალალო რეალობას უკავშირდება. კერძოდ კი, სანამ საზოგადოება ვერ ისწავლის ობიექტური კრიტიკის მართებულ შეფასებას, სანამ ამ საზოგადოებაში მრავლად იქნებიან ადამიანები, რომელთაც ეჩვენებათ, რომ მათით იწყება და, ალბათ, მათითვე უნდა დამთავრდეს "გენიოსთა სია", მანამდე ყოველთვის დავრჩებით ერთ დაჩაჩანაკებულ, დაბეჩავებულ, გონებასუსტ საზოგადოებად. ხოლო თუ ჯანსაღი კრიტიკის მიღმა ბოროტებას დაინახავს ვინმე, თავის თავს დააბრალოს და თავის "მყესებს", რომელთაც ამაზე მეტი გაზრდის და განვითარების უფლება არ მისცეს პატრონს.

 საზოგადოება, რომელსაც კრიტიკის ეშინია, განწირულია ლპობისა და ჭკნობისათვის!

აბა, პროგრესის ეპოქაში ლპობა და ჭკნობა რა მოსატანია, ჩემო კეთილო და მაინც, კრიტიკის მოძულე ქართველო!

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^