გაგახსენებ ონტოლოგიის ორთოფიზიკურ პრინციპს: ყველაფერს მართავს ორი „ძალა“ - მსგავსება და განსხვავება. მსგავსება შეუფერხებლად შეიძლება გაიზარდოს და სრულ იგივეობაში, აბსოლუტურ იდენტურობაში დასრულდეს; განსხვავება კი გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდება აუცილებლად, რადგან რაც არ უნდა განსხვავდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულები, მათ შორის მუდამ იქნება მსგავსება იმით, რომ ისინი ერთნაირად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს კი ნიშნავს, რომ განსხვავება ვერასოდეს გახდება სრული და აბსოლუტური.
ამიტომ, არარსებობასა და არსებობას შორის მსგავსება დაუბრკოლებლად განვითარდება მათი სრული დამთხვევის მიმართულებით და იმით დაგვირგვინდება, რომ არარსებობა დაემთხვევა არსებობას, ხოლო არსებობა გაუიგივდება არარსებობას. რეალურად არსებულ ჩვენს სამყაროში ასეთი რამ არ ხდება და არ შეიძლება მოხდეს განსაზღვრების ძალით ანუ იმიტომ და იმდენად, რატომ და რამდენადაც ის რეალურად არსებობს. ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყნიერებას და კოსმოსს დარჩენია, არის განსხვავების გზა.
მაგრამ, გარკვეული აზრით, განსხვავება მომაკვდინებელია სწორედ იმის გამო, რომ ის ვერასოდეს გახდება სრული და აბსოლუტური. უფრო ზუსტად, არსებული სამყაროს არსებობა ვერასოდეს მოწყდება არარსებობას, არამედ ყოველთვის შეინარჩუნებს მასთან აუცილებელ საერთოს, მსგავსებას. ტრადიციულ ფილოსოფიაში არარასა და ყოფიერების, არარსებობისა და არსებობის განუყრელობა დაუსაბუთებლადაა აღიარებული. ჩვენ კი პირველმა აბზაცმა ამ განუყრელობის აუცილებლობა მოკლე და, ვიმედოვნებ, თითქმის ინტუიციურად გასაგები დასაბუთების სახით მოგვცა. ამასთანავე, რეალურ სამყაროში გამეფებული ცვალებადობის წარმოშობას სწორედ არარსებობისა და არსებობის ურთიერკავშირს მიაწერენ.
ვფიქრობ, სინამდვილეში საქმე სხვაგვარად შეიძლება იყოს. რადგან არსებობა მთლიანად ვერასოდეს მოსწყდება არარსებობას, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ არსებულის არსებობას გრძელი დღე არ უწერია არსად და არასოდეს. ამ დღის სიგრძე კი ალბათ (ფიზიკურად) გაიზომება დროის უმოკლესი სიდიდით, რომელიც ფიზიკურ სამყაროშია შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი არსებულის ყოფნა და არსებობა გრძელდებოდეს უნდა „ატომარული“ დროის განმავლობაში და არა მეტ ხანს. მაგრამ ჩვენს თუნდაც ყოველდღიურ ემპირიულ გამოცდილებას თუ დავუჯერებთ, ნებისმიერი უსახური სკამი არსებობს თვეებისა და წლების განმავლობაში ანუ გაცილებით უფრო დიდ ხანს, ვიდრე დროის უმცირესი ერთეული, წამზე ლამის უსასრულოდ მცირე.
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლომდე ვერც არარსებობა გათავისუფლდება არსებობისგან, ნათელი გახდება ისიც, რომ არც არარსებობა შეიძლება იყოს საბოლოო. ამრიგად, უნდა ვივარაოდოთ (რატომ არ უნდა ვივარაუდოთ?), რომ არარსებობაც აუცილებლად იცვლება არსებობით, არსებულის წარმოშობით. მოკლედ, რეალობის ესკიზი ასე გამოიყურება - სამყარო პულსირებს, ყოველი საგანი, ნივთი თუ სისტემა სამყაროში ისევე, როგორც თავად მთელი სამყარო, გამუდმებით ქრება და ჩნდება - ციმციმებს. მაგრამ ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ვერც შეუიარაღებელი თვალით და, ჯერ-ჯერობით, ვერც აპარატურის დახმარებით. (თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ რაღაც ამგვარი უკვე შევნიშნეთ კიდეც, ოღონდ ჯერ არასწორად გვესმის. ვინ იცის, ზუსტად ამ საკითხს მივუბრუნდე რომელიმე მომდევნო ესეში; ვნახოთ).
ასე წარმოდგენილ სამყაროში ნებისმიერი ცალკეული სისტემის ან თვითონ მთელი სამყაროს ყოველი არსებული მდგომარეობა დროის ყოველ მომენტში განისაზღვრება იმ მაქსიმალური ალბათობის მიხედვით, რომელიც (თავის მხრივ) დამოკიდებულია ამ სისტემის (ან მთელი სამყაროს) არსებულ მდგომარეობაზე უახლოეს წარსულ, წინა მომენტში. ეს კი ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებულ მიზეზსა და შედეგს ერთმანეთთან აკავშირებს ალბათობა და არა რამენაირი მეტაფიზიკური ან ფიზიკური მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი.
არსებულის, რეალურად არსებული ფენომენის, არსებობის ამა თუ იმ მომენტს მისი არსებობის უახლოეს წინა მომენტთან „აკავშირებს“ არარსებობის ლაკუნა. რაც მთავარია, ცალკეული არსებული ფენომენის (ან მთელი სამყაროს) არსებობის ყოველ მომენტს განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ამ ფენომენის (ან მთელი სამყაროს) არსებობის უშუალოდ წინამავალი მომენტი, რომლისგანაც ის გამოყოფილია არარსებობის მხოლოდ ერთი ინტერვალით.
არსებობის ყოველი მომენტი უკიდურესად ხანმოკლეა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვერანაირი ცვლილება დროის ასეთ უმოკლეს ინტერვალში ვერ „მოესწრება“, ვერ განვითარდება. ეს არის არსებობის აბსოლუტურად სტატიკური „კადრები“, რომელთა შორის არარსებობის ინტერვალებია.
არსებობის ყოველი (სტატიკური) მომენტი წინა (სტატიკური) მომენტისგან განსხვავდება იმით, რისი ალბათობაც მაქსიმალურია წინა მომენტის „შემდეგ და გათვალისწინებით“.
ეს ყველაზე მეტად მოსალოდნელი (ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე) განსხვავება წარმოიქმნება როგორც ცვლილება, სიახლე, რომელიც არარსებობის ინტერვალიდან არსებობის ახალი მომენტის წარმოშობისას მასში ჩნდება მხოლოდ ალბათობის მიხედვით და არა მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერების ძალით.
ამას შეიძლება დაერქვას უმოკლესი მეხსიერების პრინციპი. სტატიკური მომენტის, კადრის არსებობის ანიჰილაცია, „გაარარსებულება“ როცა ხდება, მაშინ ინფორმაცია, რომელიც როგორც ვიცით არ შეიძლება დაიკარგოს არც სამყაროდან და არც თუნდაც სამყაროსთან ერთად, როგორც ჩანს, ინახება არა ფიზიკურ, არამედ გეომეტრიულ ჰოლოგრამულ „გუმბათზე“, რომელიც გეომეტრიული, მათემატიკური ობიექტის სახით „არსებობს“ ფიზიკური არარსებობის ინტერვალის „განმავლობაში“. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური და გეომეტრიული ერთი-მეორის გაუქმებაზე მეტყველებს, ერთმანეთს გამორიცხავს.
ეს ჰოლოგრამული გუმბათი არის მეხსიერება, რომელიც გარკვეული აზრით ერთჯერადია, რადგან მის მიხედვით მხოლოდ ერთხელ და ისიც დროის უმოკლესი მონაკვეთის განმავლობაში „აიგება“ ფიზიკური რეალობის სტატიკური მომენტი, უძრავი კადრი. ხსენებული გუმბათი ატემპორალურია ანუ დროში არ არსებობს, რაც ინტუიციურადაც ცხადია და გასაგები, რამდენადაც მათემატიკური ობიექტი განსაზღვრების ძალით არის დროისგან განყენებული ანუ დროის განყენების, აბსტრაჰირების აბსტრაქტული შედეგი.
მაგრამ ამგვარი მსჯელობა გარკვეულ დაბრკოლებას აწყდება. უძრავ და სტატიკურ ფიზიკურ მომენტალურ კადრში დროის არსებობაზე ან თავად ამ კადრის დროში არსებობაზე საუბარი პრობლემატურია, რადგან დრო ცვლილებასთან და ცვალებადობასთან ჩანს განუყრელად დაკავშირებული. გამოდის, რომ არარსებობის ინტერვალებით განცალკევებული ფიზიკური არსებობის თავისთავად უძრავი და უკიდურესად ხანმოკლე მომენტების, კადრების დაშვება აუცილებლად იწვევს დროის მოჩვენებითობის, ილუზორულობის აღიარებას. ასეც იქცევა ზოგი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი.
მე კი მგონია, რომ გამოსავალი მეხსიერებასა და წინასწარმეტყველებაშია. არსებობის ყოველი მომენტი არის ერთდროულად წინასწარმეტყველებაც და ხსოვნაც. ამა თუ იმ ფიზიკური სისტემის, ცალკეული ფენომენის ან მთელი სამყაროს არსებობის ყოველი უძრავი კადრ-მომენტი არის: 1. იმის წინასწარმეტყველება, თუ რა იქნება მომდევნო, მომავალი მომენტის მეხსიერებაში მეტ-ნაკლები სიზუსტით შენახული წინა ანუ უახლოესი წარსული მომენტის შესახებ; 2. ამასთანავე, იგივე აწმყო კადრ-მომენტი შეიცავს მეტ-ნაკლებად ზუსტ ხსოვნას იმისა, თუ რას წარმოადგენდა წინა ანუ უახლოესი წარსული კადრ-მომენტი, რომელიც აღარ არსებობს.
შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველება და მეხსიერება ერთმანეთისგან არსებითად მხოლოდ მიმართულობით განსხვავდება, როგორც ორი ურთიერთსაპირისპიროდ მიმართული ვექტორი ერთსა და იმავე ფიზიკურ შინაარსში, ერთსა და იმავე კადრ-მომენტში. ამ თვალსაზრისით წინასწარმეტყველება არის იმის წინასწარ ცოდნა (უფრო ზუსტად კი იმის წინასწარ ცოდნის შესაძლებლობა), თუ რა „ემახსოვრება“ მომავალ კადრ-მომენტს, რისი მოპოვება იქნება მასში შესაძლებელი წინა მომენტის თაობაზე; და პირიქით, კონკრეტული ფიზიკური მომენტის მეხსიერება ინახავს იმის ხსოვნას, თუ როგორი იყო წინასწარმეტყველება, რომელსაც წინა მომენტი შეიცავდა.
ჩვენი სამყაროს და ჩვენი ცხოვრებაც ხომ ესაა და სხვა არაფერი: წარსული წინასწარმეტყველების ხსოვნა და მომავალი ხსოვნის წინასწარმეტყველება.