Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეამბოხე ფემინისტი პატრიარქალური ოჯახისა და ქალის რეპროდუქციული მონობის წინააღმდეგ (ნაწილი 2)

14 ივლისი 2015

1949 წლის ივნისში გამოქვეყნებული “მეორე სქესი” „ბეიბი-ბუმის’’ იდეოლოგიით შეპყრობილ პატრიარქალურ სამყაროს დიდ საფრთხედ მოევლინა. დემოგრაფიული აღორძინების მესვეურები გამუდმებით იმეორებდნენ, რომ მათ ერს გადაშენება ეწერა და სამშობლოს უფრო მეტი გმირი და გმირი დედა სჭირდებოდა. ამგვარი დისკურსი მეორე მსოფლიო ომის შედეგად შრომის ბაზარზე მოულოდნელად გამოჩენილი ქალების კვლავ სამზარეულოში დაბრუნებასა და ტრადიციული, პატრიარქალური ოჯახის კიდევ უფრო გამყარებას ითვალისწინებდა. ეკონომიკის სადავეებთან „სუსტი“ სქესი არ დაიშვებოდა, მაგრამ მძიმე რეალობამ და ცხოვრებისეულმა სირთულეებმა ისინი აიძულა, ფრონტის ხაზზე წასული მამაკაცების ადგილი დაეკავებინათ. ანდროცენტრულ სახელმწიფოს არა ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ემანსიპირებული ქალები, არამედ - მორჩილი ცოლები და თავდადებული დედები სჭირდებოდა, ის „სამაგალითო“, უსურვილო ქალები, რომლებიც ოჯახზე ზრუნავენ და ქმრის ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილებიან. „ბავშვები, ეკლესია, სამზარეულო“ - ჰიტლერის ამ მოწოდებას უთვალავი მიმდევარი ჰყავდა.

1949 წელს ქალის ოფიციალური იურიდიული სტატუსი არც ისე სახარბიელო გახლდათ. ფრანგ ქალებს მხოლოდ და მხოლოდ 1945 წელს მიანიჭეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება; 1965 წლამდე მათ საკუთარი საბანკო ანგარიშის გახსნის უფლებაც კი არ ჰქონდათ; 1965 წლამდე კაცს უფლება ჰქონდა, ცოლისათვის პროფესიული საქმიანობა აეკრძალა, თუკი ეს ოჯახს „ვნებდა“; „ოჯახის უფროსის“ ცნება კანონმდებლობიდან მხოლოდ და მხოლოდ 1970 წელს ამოიღეს; მხოლოდ 1985 წელს აღიარა ფრანგულმა იურისპრუდენციამ მეუღლეთა თანასწორობა და ოფიციალურად დაქორწინებულ ქალებს ქონების განკარგვის უფლება მიეცათ; 1970 წლამდე გათხოვილ ქალებს უფლება არ ჰქონდათ, შვილებისათვის საკუთარი გვარი მიეცათ; ისინი დაბადებისთანავე მამის გვარს იღებდნენ (დედის გვარზე მხოლოდ უმამო ბავშვები გადადიოდნენ).

ამგვარ ანტიფემინისტურ გარემოში წამოიწყო სიმონ დე ბოვუარმა რადიკალური ფემინისტური რევოლუცია, თავისი მეორე სქესით ქალთა დამმონებელ წყობას მთავარი საყრდენი გამოაცალა და ორმოციანი წლების პატრიარქალური უმეცრება და ცრუ მითები გაფანტა. ასეთი დეკონსტრუქციული იდეები 1949 წელს საზოგადოებისათვის ნამდვილად დიდი შოკი იყო; სიმონ დე ბოვუარმა გაბედულად ისაუბრა ქალთა მძიმე ხვედრზე, სექსისტურ იდეოლოგიაზე, ყოველდღიურ სინამდვილედ ქცეულ მიზოგინიაზე, გოგონათა დამაჩლუნგებელ აღზრდაზე, ქალწულობის დაკარგვაზე, ქორწინებაზე, ფემინურ ეროტიზმზე, ქალის ეკონომიკურ-რელიგიურ-სოციალურ რეპრესიასა და იმ ქალებზე, რომელთაც შვილები არ უყვართ და დედობა მათთვის მხოლოდ მძიმე ტვირთია; მან გააშიშვლა ქალთმოძულე რელიგიით, მისტიციზმითა და მამაკაცური მითებით დაფარული ფემინური სექსუალობა და სხვა საკითხები, რომლებზე საუბარსაც ვერ ბედავდნენ უუფლებლო ქალები. მეორე სქესის კონცეფციების უკიდურესად დეკონსტრუქციულ, ნოვატორულ და სკანდალურ ბუნებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ოფიციალურმა ვატიკანმა - კათოლიკური ეკლესიის ამ ცენტრმა, ფილოსოფოსის ნაშრომი შერისხა და აკრძალული წიგნების სიაშიც მიუჩინა ადგილი. უამრავი მამაკაცი გამოხატავდა სიძულვილს იმ ქალისადმი, რომელმაც მათ ცოლებზე, ქალიშვილებზე, დებზე, დედებსა და ბებიებზე (უფრო სწორად, მათ მონებზე) თამამი ფემინისტური ნაშრომის დაწერა და კაცური თქმულებების, კალამბურების, ანდაზების, მითების, ზღაპრებისა და ,,ქალური ბუნების’’ დეკონსტრუქცია წამოიწყო. მამაკაცები ფიქრობდნენ, რომ ქალები სულ მალე აჯანყდებოდნენ და სიჩუმეზე, მორჩილებასა და მასკულინურ იდეოლოგიაზე უარს იტყოდნენ. ამ 1200 გვერდიან ესეზე გულგრილად და მშვიდად ვერავინ ლაპარაკობდა. ეს შედევრი ან სძულდათ, ან უყვარდათ. კრიტიკოსები, მღვდლები და კათოლიკეები არნახული გამძვინვარებით დაესხნენ თავს სიმონ დე ბოვუარს. ინგრიდ გალსტერის (რომანული ლიტერატურის პროფესორი გერმანიის პადერბორნის უნივერსიტეტში, რომელსაც ეკუთვნის მონოგრაფია სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესი“) თქმით, ფრანსუა მორიაკმა, პიერ დე ბუადეფრიმ, როჟე ნიმიემ და ჟან გიტონმა უკიდურესად დამამცირებელი და სექსისტური ეპითეტებით შეამკეს მწერალი: „უკვე ყველაფერი ვიცით მის ვაგინაზე“, „ნევროზით შეპყრობილი გოგონა“, „ზნედაცემული დედა“, „ნაწამები ცოლი“ და სხვა.

მის მოწინააღმდეგეებს არ გახსენებიათ, რომ ის არც გათხოვილი ქალი იყო და არც - შვილი ჰყოლია. მტრების გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ იგი არ იმყოფებოდა სარტრთან კანონიერ, პატრიარქალურ, ტრადიციულ ქორწინებაში, არ უნდოდა, ოჯახურ უღელში შებმულიყო და საფრანგეთისათვის გმირები აღეზარდა. ახალგაზრდა ფილოსოფოსები ერთმანეთს არ ზღუდავდნენ; მათ შეეძლოთ, თავისუფალი სასიყვარულო კავშირები გაებათ; ამ ბრწყინვალე მოაზროვნეებს, რომლებიც სასტუმროს სხვადასხვა ოთახებში ცხოვრობდნენ, არ სურდათ, ქორწინების მჩაგვრელ ტრადიციას დამორჩილებოდნენ. ქალთმოძულე სამყარო ასე იმიტომ განრისხდა, რომ ქალმა უარყო ფალოცენტრული მითები, ქალებს განუცხადა, რომ ევასა და მარიამის (ბინძური და უზნეო vs წმინდა და სათნო ქალის) დაპირისპირება („ცოდვით დაცემული ევას ნაცვლად, აღმობრწყინდა წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, სასძლო უფლისა“) ცრუ მითი იყო, მხოლოდ რეალური ქალების ცხოვრებისეული გამოცდილება და მათი ის სურვილები აღწერა, რომელთა უარყოფასაც ასე ცდილობდნენ მამაკაცები.

პატრიარქალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ მწერალს დამცველები გამოუჩნდნენ: ფემინისტები, მწერლები, ფილოსოფოსები. „სიმონ დე ბოვუარი - ქალი, რომელიც ქალებს თამამად უხმობს და ნანატრი თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას უჩვენებს!“ - წერდა აღფრთოვანებული ფრანგული პრესა. ფილოსოფოსს ათასობით ქალი სამადლობელ წერილებს სწერდა: „თქვენ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება. ნათლად დამანახეთ ის, რასაც აქამდე თითქოს, დაორთქლილი შუშის მიღმა ვხედავდი.“ მეორე სქესის პირველი ტომის 22000 ეგზემპლარი ერთ კვირაში დახლებიდან გაქრა და უამრავ ენაზე ითარგმნა.

საფრანგეთის ნანსი 2 - ის უნივერსიტეტის დოქტორი, ფატმე ხან მოჰამადი თავის სადოქტორო ნაშრომში, “სიმონ დე ბოვუარი - ანგაჟირებული მწერალი” წერს, რომ ქალთა მდგომარეობაზე დაწერილმა ამ თეორიულმა და ფილოსოფიურმა წიგნმა ქალთა ამბოხებას გეზი მისცა; ის იყო, არის და იქნება უდიდესი ფემინისტური ნაშრომი. მწერალი და მონოგრაფისტი ჟაკ ზეფირი თავის მონოგრაფიაში „სიმონ დე ბოვუარის ნეო-ფემინიზმი” აღნიშნავს: „მეორე სქესმა ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ეს არის ყველაზე ინტელექტუალური, ჰუმანისტური და სრულყოფილი წიგნი, რომელიც კი ქალთა ჩაგვრასა და მამაკაცთა ბატონობაზე დაწერილა.“ მწერლისა და პუბლიცისტის, ჟორჟ ურდენის თქმით, კი მეორე სქესი არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე, შესანიშნავი, უხეში, უხამსი, გამაღიზიანებელი, მაგრამ საჭირო წიგნია. იგი არაფერს გვიმალავს. ყველაფერს იკვლევს, იძიებს, დღის სინათლეზე გამოაქვს და სილას გვაწნის. ბოვუარი ამბობს იმას, რისი აღიარების გამბედაობაც აქამდე არავის ეყო. როცა ამ წიგნს კითხულობ, ღიზიანდები, მაგრამ იძულებული ხდები, გააღმერთო. ფრანგი მკვლევარი და მონოგრაფისტი, მარიან სტეფანოვიჩ პოლი თავის წიგნში სიმონ დე ბოვუარი - ანგაჟირებული ქალი, რომელიც მეორე სქესს და ბოვუარის მთელ შემოქმედებას საფუძვლიანად იკვლევს, წერს, რომ მეორე სქესის გამოქვეყნებას ნამდვილი რევოლუცია მოჰყვა. სიმონ დე ბოვუარმა არა მხოლოდ რამდენიმე მოკრძალებული უფლება მოითხოვა ქალთათვის, არამედ ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის წყალობით თვალნათლივ დაგვანახა, როგორ იჩაგრებოდნენ ისინი საუკუნეების მანძილზე. სიმონ დე ბოვუარმა დაამსხვრია ყველა რელიგიური, ისტორიული და სოციალური ცრურწმენა. მისი თამამი შეკითხვები დღემდე მოსვენებას უკარგავს მამაკაცებს, რომლებიც საზოგადოებაში დომინირებენ და ქალებს, რომლებიც მათ ბატონობას ეგუებიან. ორმოცდაათიანი წლების ტრადიციონალისტური მორალით გაჟღენთილმა საფრანგეთმა სიმონ დე ბოვუარს ბრალი დასდო, ჩვენს საზოგადოებას ძირს უთხრი, ოჯახს, ტრადიციულ აღზრდა-განათლებასა და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას აცამტვერებო. საბჭოთა კავშირში ,,მეორე სქესი’’ აკრძალული იყო (1990 წლამდე). მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც თანაბრად საყვედურობდნენ, თქვენ გინდათ, ქალებმა დედა საფრანგეთს გმირები აღარ აღუზარდონო. ,,მეორე სქესი’’ ითარგმნა იაპონურად, ჩინურად, ბენგალიურად, ინდურად, ესპანურად, დანიურად, არაბულად, ებრაულად, პოლონურად.

ფრანგი მწერალი, მკვლევარი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, ნანტერის უნივერსიტეტის პროფესორი, დანიელ სალენავი, მონოგრაფიაში, „ომისჟამინდელი წინამძღოლი, წერს, რომ როცა 1949 წელს ,,მეორე სქესი’’ გამოქვეყნდა, ქალებმმა იგრძნეს, რომ მარტოობას თავი დააღწიეს. ავტორის აზრით, შეგვიძლია, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვთქვათ, რომ ქალები ბოვუარის ვალიდან ვერასოდეს ამოვლენ, რადგან ყველაფერი მისი წყალობით მოიპოვეს. მეორე სქესმა ყველაფერი შეცვალა. ის ცოდნის ყველა სფეროს მიმოპიხილავს: ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, ფსიქოანალიზს, ეთნოლოგიას, ლიტერატურას, ისტორიას... ნაწარმოების განსაკუთრებული ღირსება (რომლის წყალობითად, მან დროს გაუძლო) ის გახლავთ, რომ იმ საბრძოლო იარაღად იქცა, რომლითაც ქალი იმ უზარმაზარ პატრიარქალურ სამეფოს ანადგურებს, რომელიც მასკულინურ დომინაციასა და ქალის ჩაგვრაზეა დაფუძნებული:

„რამდენი ქალი აღავსო ძალითა და მებრძოლი სულისკვეთებით ამ წიგნმა! რამდენმა მათგანმა ამოისუნთქა შვებით, როცა ,,მეორე სქესის’’ ერთ-ერთი მთავარი თავი, ,,დედა’’ წაიკითხა! გათამამებული ქალები ყურს აღარ უგდებდნენ მამაკაცებს, რომლებიც უბრძანებდნენ, შვილები უნდა გააჩინოთო. ჩვენი დიდებული ბოვუარის აზრით, ნაძალადევი დედობა ქალის უბედურების უშრეტი წყაროა; ქალს დედობა კი არ სურს, არამედ საზოგადოების მოთხოვნას ემორჩილება, რადგან ვერ ბედავს, ტრადიციული ნორმები უარყოს და აღიაროს, რაზე ოცნებობს გულის სიღრმეში. მან უარყო მამაკაცების პატრიარქალური ტყუილები და ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა მათი მაღალფარდოვანი სიტყვები, ორსულობის ,,ბედნიერებას’’, ბავშვისთვის ძუძუს წოვებას, მისი აღზრდის, მოვლა-პატრონობის ,,სიხარულსა’’ და მშობიარობის ,,სიამეს’’ ხოტბას რომ ასხამდნენ. ბოვუარმა თამამად თქვა, რომ ანდროცენტრულმა წყობამ დედობა ქალთა საპყრობილედ აქცია, რადგან მუდმივად შრომაში ჩაფლული, დაღლილ-დაქანცული, უინტელექტო ქალის გაკონტროლება ბევრად უფრო ადვილია.“

სიმონ დე ბოვუარის შემოქმედების მკვლევარი, გერმანელი მწერალი და მონოგრაფისტი, ევა გოთლენი თავის ნაშრომში, „სქესი და არსებობა, სიმონ დე ბოვუარისეული ფილოსოფია“, წერს, რომ სიმონ დე ბოვუარი იყო პირველი ქალი, რომელმაც ფილოსოფიური ახსნა მოუძებნა ქალთა მონობასა და ჩაგვრას, როგორც ინდივიდუალურ, ოჯახურ, ასევე სოციალურ სფეროში. მეორე სქესი უკვდავი წიგნია, რომელიც სულ უნდა ვიკითხოთ. ცნობილი მონოგრაფისტი, ესეისტი, ფემინისტი მკვლევარი და ამერიკის დიუკის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და რომანული კვლევების პროფესორი, ტორილ მოი ნაშრომში, „სიმონ დე ბოვუარი: ინტელექტუალ ქალად ქცევა“, წერს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ ბოვუარისეული სიტყვა „ქალი“. მწერალი მეორე სქესში სამი კატეგორიის ქალს აღწერს: 1) ტრადიციული, პატრიარქალური კულტურისაგან ჩაგრული/რეპრესირებული ქალი; 2) დამოუკიდებელი ქალი; 3) ქალი, რომელსაც შეუძლია, თავისი მომავალი თავად შექმნას. თავის ესეში ბოვუარი ველაზე ხშირად პირველი კატეგორიის ქალსა და მის „ტრადიციულ ხვედრზე“ მსჯელობს. მკვლევარი კაროლ ნოელი ნაშრომში, „სიმონ დე ბოვუარი დედობის იმანენტობასა და მორალურ თავისუფლებას შორის“, ამ სამ კატეგორიას ასე განმარტავს: ჩაგრული ქალი ემორჩილება პატრიარქალური სისტემის ნორმებსა და აკრძალვებსა და ასრულებს თავის ტრადიციულ როლს - თხოვდება და ხდება დედა; დამოუკიდებელი ქალი გათავისუფლებულია მონობის ბორკილისაგან (ოჯახი და ბავშვები), თუმცა ისევ და ისევ პატრიარქალურ სამყაროში ცხოვრობს; იცვლება მხოლოდ მისი პირადი, ვიწრო გარემო და არა - ანდროცენტრული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა; ქალი, რომელსაც შეუძლია, თავისი მომავალი თავად შექმნას, ცხოვრობს არაპატრიარქალური ტიპის ქვეყნებში (მაგალითად, სოციალისტურში); მისი უფლებები მხოლოდ ქაღალდზეა აღიარებული, თუმცა რეალური ძალაუფლება ისევ და ისევ მამაკაცების ხელშია (მაგალითად, საბჭოთა კავშირი, ჩინეთი).

“მეორე სქესის” პირველი ტომი პატრიარქალური მითების დამსხვრევას ისახავს მიზნად. იგი დაწვრილებით მიმოიხილავს კაცობრიობის ისტორიას, მითოლოგიას, ანთროპოლოგიას, ეთნოლოგიას, ისტორიულ მატერიალიზმს, სექსუალურ ტაბუებს, ფალოცენტრულ მითებს და გვთავაზობს მათ დეკონსტრუქციას. ყოველივე ეს პრეისტორიულ, ანტიკურ და თანამედროვე კულტურებში ქალთა მდგომარეობის მკლევართათვის სერიოზული ანთროპოლოგიური მასალაა. სიმონ დე ბოვუარი ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის მიხედვით ახდენს ისტორიის დეკონსტრუქციას და თვალნათლივ გვიჩვენებს, რატომ და როგორ იქცა ქალი „მეორე“ სქესად“.

ბოვუარის აზრით, ოდითგანვე პატრიარქალური მითებით (მარადი ქალისა და ზნედაცემულის დიქოტომიით) ზრდიდნენ გოგონებს, ბავშვობიდანვე ცრუ იდეებს უნერგავდნენ, ანდროცენტრული ტყუილებით კვებავდნენ, არწმუნებდნენ, რომ ნაზები, ფაქიზები, უსუსურები და არასრულფასოვნები იყვნენ და აიძულებდნენ, ქალთა ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული არქეტიპიდან (ბინძური-წმინდა, ევა-მარიამი, მედეა-ივდითი, გარყვნილი-პატიოსანი, ლილითი-მარიამი) ერთ-ერთს დამსგავსებოდნენ. ფემინისტი ფილოსოფოსის აზრით, ქალი, როგორც მეორეხარისხოვანი, უნიჭო, „ნაკლული“ არსება და მამაკაცის „დანამატი“, პატრიარქალური კულტურისგან შეთითხნილი მითია და არა - ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ბუნებრივი და უცვლელი მოცემულობა. სწორედ ამ ფრაზით იწყება განუმეორებელი მეორე სქესის მეორე, სქელტანიანი ტომი:

„ქალებად კი არ იბადებიან, არამედ იქცევიან. არც ბიოლოგიური, არც ფიზიოლოგიური და არც ეკონომიკური „ხვედრი“ არასგზით არ ქმნის იმ ხატს, იმ სახეს, რომელსაც ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში იღებს. მარტოოდენ პატრიარქალური ცივილიზაცია აქცევს მას მამრსა და კასტრატს შორის გარდამავალ არსებად.“

ცრურწმენებით გაჟღენთილი ოჯახი და გარემო ბავშვებს (სქესისდა მიხედვით) ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული გენდერული როლების შესისხლხორცებას აიძულებს. გოგონა პასიური, თავმდაბალი, მშვიდი და თვინიერი უნდა იყოს და სულმოუთქმელად ელოდოს იმ დღეს, როცა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი მოაკითხავს და მზრუნველ დედად და სათნო ცოლად აქცევს. ბიჭი კი რაციონალური, კეთილისა და ბოროტის შემცნობი, დიდების მწვერვალთა დამპყრობელი უნდა იყოს, სამყაროს შესაცნობად სახიფათო მოგზაურობაში უნდა წავიდეს, მეცნიერი, მწერალი, ფილოსოფოსი, მხატვარი, ან კომპოზიტორი გახდეს და „ცხოვრება ნახოს“. გამრავლება მისთვის მეორეხარისხოვანი ფუნქციაა, გოგონას კი ყველა ასწავლის, რომ შვილების გაჩენა მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი და წმინდათაწმინდა მოვალეობაა. ყველა ზღაპარი და ზოგადად, საბავშვო ლიტერატურა ამ მითს განამტკიცებს და გოგონას თავიდანვე ამზადებს მომავალი როლისათვის - დედობისა და დიასახლისობისათვის. მისი თქმით, როცა გოგონა მომავალზე ფიქრობს, ეჩვენება, რომ ციცაბო გზას უნდა გაუყვეს და შორეული მწვერვალი დაიპყროს, მაგრამ ერთ ავბედით დღეს უეცრად მიხვდება, რომ დედა სამზარეულოში ყოველდღე თეფშებს რეცხავს; მრავალი წელია, მისი ხელები ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, ცხიმიან წყალში ეფლობა და ფაიფურის ჭურჭელს ხეხავს; სიკვდილამდე ვერ დააღწევს თავს ამ მონობის უღელს; გუშინდელი დღე დღევანდლისაგან არაფრით განსხვავდება; ქალი ერთგვარ მარადიულ, უსიხარულო, უნაყოფო და უიმედო აწმყოს მორევში ჩაძირულა. ყოველივე ის, რასაც ბიჭები ჩაიდენენ, მყისვე მამაკაცურ ტრანსცენდენციად გადაიქცევა. კაცები მხატვრები, მწერლები, მეცნიერები და შემოქმედები არიან, სახიფათო გადაწყვეტილებებს თამამად იღებენ, ქალს კი ფრთხილად ასწავლიან ,,ყოფნას.’’ გოგონას ბუნებრივი მისწრაფებაც ,,შექმნაა’’, მაგრამ მას არწმუნებენ, რომ პასიურ ობიექტად უნდა იქცეს და მის უცვლელ არსად მიჩნეულ მეტისმეტად ვიწრო და ჩაკეტილ სფეროს დასჯერდეს. ქალის ხვედრი, მისი დანიშნულება და უმთავრესი მოვალეობები, საზოგადოებამ, თითქოს, მრავალი საუკუნის წინ ჩაწერა უხილავ წიგნში და ,,სუსტი’’ სქესიც იძულებულია, ამ უსამართლო განაჩენს დაემორჩილოს. ბიჭს ყველა უმეორებს, რომ უნდა იმოქმედოს, რაღაც შექმნას მეზღვაური, ან ინჟინერი გახდეს, ფერმაში დარჩეს, ან ქალაქში წავიდეს, მსოფლიო შემოიაროს და გამდიდრდეს. იგი სრული თავისუფლებით ტკბება, უფლება აქვს, მოულოდნელობებით აღსავსე მომავალს დაუპირისპირდეს. გოგონა კი გათხოვდება, ბავშვებს გააჩენს და შემდეგ-ბებიაც გახდება, დედამისივით მოუვლის სახლს, ქმარ-შვილზე იზრუნებს... იგი თოთხმეტიოდე წლისაა, მაგრამ მთელი მისი ცხოვრების ისტორია, თითქოს, ზეცაშია დაწერილი, ის შემზარავი ისტორია, რომელსაც, თანდათან, დღითი დღე აღმოაჩენს; ნელ-ნელა ფარდას ახდის ამ სასტიკ სიმართლეს, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლის, თავის ,,განაჩენს’’ ვეღარ გაასაჩივრებს, ,,ღვთის ნებას’’ ვერ შეცვლის, რადგან თავისი ბედის წიგნის საკუთარი ხელით დაწერის უფლება მისთვის არავის მიუცია. გულნატკენი, შეცბუნებული, დარცხვენილი, შეშფოთებული, დამწუხრებული გოგონა მომავლის გზას მიუყვება და ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს, რაღაც მიუტევებელი დანაშაული ჩაედინოს; შეძრწუნებული ხვდება, რომ ამ სამყაროს მამაკაცები მართავენ, ქალები, - ეს ყრუ-მუნჯი მონები კი მათ უსიტყვოდ ემორჩილებიან. სიმონ დე ბოვუარს (ისევე, როგორც ფემინისტ ფსიქოანალიტიკოსებს) მიაჩნია, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული აბსოლუტურად ყველა ფსიქოლოგიური განსხვავება კულტურული გარემოებებით, მჩაგვრელი პატრიარქალური წყობითა და სოციალური ზეწოლითაა განპირობებული, რადგან ბავშვებს თითქმის აკვანშივე უნერგავენ ფალოცენტრულ იდეოლოგიას. ანდროცენტრული ნორმებით ინდოქტრინიზებული გოგონა აცნობიერებს, რომ ამ სამყაროში კაცები ბატონობენ. „პენისის შური“ სხვა არაფერია, თუ არა ბიჭების პრივილეგირებული საზოგადოებრივი მდგომარეობისადმი შური. ბოვუარი შენიშნავს, რომ ფროიდს ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია ბიოლოგია და კულტურა, ანატომია და სტატუსი. გოგონები აცნობიერებენ მამაკაცთა უპირატესობას ბევრად უფრო ადრე, ვიდრე-ბიჭების პენისებს ნახავენ. ეს პატრიარქალური კულტურის ნაწილია. მამაკაცს/ფალიკურ ძალაუფლებას განადიდებს ყველა და ყველაფერი: ოჯახი, სკოლა, მასმედია, რელიგია... მამაკაცთა პრივილეგიის იმდენი გამოვლინება არსებობს, რომ ცხადია, გოგონებს შურთ არა პენისის, არამედ - იმისა, თუ რა სოციალური წარმატებების, პრივილეგიებისა და დიდების საწინდარია ეს ორგანო საზოგადოების თვალში.

ბავშვობაში, გოგონებს უფლება აქვთ, „მასკულინურ“ გზას დაადგნენ, ანუ სკოლაში წარმატებას მიაღწიონ, ხეებზე აძვრნენ და ა.შ. მაგრამ მშობლებსა და საზოგადოებას - ამ სოციალიზატორებს, არ აეჭვებთ მისი ფემინური იდენტობის სიმყარე. იციან, რომ იგი გაიზრდება და თავის ,,ქალურ ხვედრს“ დაემორჩილება - გათხოვდება და შვილებს გააჩენს. როგორც კი დაქალიშვილდება, მისგან ყველა მოითხოვს, რომ ნაზი და პასიური იყოს, აღარ ჩაერთოს „მამაკაცურ საქმიანობაში“, საკუთარ გარეგნობაზე იზრუნოს, კაცები მოხიბლოს, მამრების სურვილებს დაემორჩილოს და საკუთარი თავი პასიურ ობიექტად აქციოს. ქალისთვის თითქოს ყველა კარი ღიაა, მაგრამ წარმატებისაკენ გადადგმული ყოველი მისი ნაბიჯი აღიქმება ზიანის მომტან ქმედებად არა მხოლოდ მისი ქორწინებისათვის, არამედ იმ მამაკაცებისთვისაც, რომლებსაც იგი უსწრებს წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.

ბოვუარის აზრით, ფროიდისეული იდეოლოგია ამართლებს მამაკაცის ქალზე ბატონობასა და სქესთა შორის მკაცრ იერარქიას. ფსიქოანალიტიკოსის საპირისპიროდ, ფემინისტი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური სქესი კი არ „ქმნის“ ქალსა და მამაკაცს/გოგონასა და ბიჭს, არამედ - გენდერი, - უამრავი სტერეოტიპით, კლიშეთი და ცრურწმენით დამძიმებული „სოციალური სქესი“. სამყარო, რომელსაც გოგონა ეკუთვნის, იმ ჩაკეტილ ციხეს ჰგავს, რომელიც მამაკაცებს დაუპყრიათ. რაც უნდა მაღლა აფრინდეს, მის თავზემოთ ყოველთვის იქნება ის უხილავი ჭერი, რომელიც გზას გადაუღობავს. გოგონას ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ კაცებს თავი უნდა მოაწონოს და სექსუალურ ობიექტად, ნივთად იქცეს; იგი ვალდებულია, დათმოს საკუთარი პიროვნული ავტონომია, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დედები ფიქრობენ, რომ უფრო „გონივრული“ იქნება, თუ ქალიშვილებს „ჭეშმარიტ“ ქალებად აქცევენ, რადგან საზოგადოებისთვის ისინი ასე უფრო მისაღებნი იქნებიან. გოგონებს ქალები ასწავლიან სახლშიც, სკოლაშიც. იგი „მომავლისათვის“ (ანუ, გათხოვებისა და შვილების გაჩენისათვის) უნდა მოემზადოს; ასწავლიან კერძების მომზადებას, ეუბნებიან, რომ გოგონებმა სამზარეულოში უნდა იფუსფუსონ, იცოდნენ, ჭრა-კერვა, ქარგვა, ქსოვა, სახლის დალაგება. აიძულებენ, ან კაცის მონად იქცნენ, ან „სალოცავ ხატად“ და სხვა ქალების ბედი გაიზიარონ:

„ქალურ“ ქალს პასიურობა ბავშვობიდანვე ახასიათებს, ეს ბიოლოგიური, უცვლელი მოცემულობა კი არა, არამედ, ის ხვედრია, რომელიც მას ოჯახმა, სკოლამ და საზოგადოებამ არგუნა.“

ავტორმა ასევე ნათლად გვიჩვენა, რით განსხვავდება ერთმანეთისაგან გოგონასა და ბიჭის თვითდამკვიდრების პროცესი. ბავშვებს თავიდანვე სექსისტურ იდეოლოგიას უქვემდებარებენ. ბიჭი ვალდებულია, მკვეთრად მასკულინურ სტერეოტიპებს დაემორჩილოს, ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ ნამდვილი მამაკაცია, მამას მიბაძოს, მასავით იშრომოს, იჩხუბოს, თანატოლებს თავისი ძალა დაანახოს, დედის ფემინურ სამყაროს საბოლოდ ჩამოშორდეს და „კაცად ივარგოს“, გოგონა კი დედის საქმიანობას ყოველდღე უყურებს და ნელ-ნელა ეჩვევა ქალურ სფეროს. მას ამ ყოველდღიური საქმიანობით დიასახლისობისათვის ამზადებენ. ფემინურობა, ანუ, ქალურობა პირდაპირ „მიეწერება“ ქალს, ხოლო მასკულინურობა „მიიღწევა“. მას ყოველდღიური ბრძოლის წყალობით მოპოვება სჭირდება. მხატვრული ნაწარმოებები, ლეგენდები, ხალხური თქმულებები და ბალადები სავსეა ამ ცრუ პატრიარქალური იდეოლოგიით; პოემებსა და ლეგენდებში მოთხრობილია მორევში დანთქმის შიშზე, მაცდურ სირინოზებზე, რომლებიც მამაკაცებს ხოცავენ... სინამდვილეში, ეს ყოველივე ისაა, რასაც კარენ ჰორნი თავის წიგნში ქალი ფსიქოლოგიაში „ქალისადმი შიშს“ უწოდებს. ამ შიშის დაძლევის ერთ-ერთი ხერხი მამაკაცის მხრიდან ქალის დაცინვა და აბუჩად აგდებაა. პატრიარქალურ კულტურაში, კაცებისათვის ძალაუფლების მოპოვება უმნიშვნელოვანესია. ყველა კულტურულ-საზოგადოებრივი როლი, რომელსაც იგი ითავსებს, პრესტიჟულად მიიჩნევა. თუ ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მზარეულობა, მამაკაცისთვის შესაფერისად ჩაითვლება, მთელი საზოგადოება მას ერთხმად მიიჩნევს მნიშვნელოვნად. იგივე საქმიანობა კი ნაკლებად მნიშვნელოვანია, რაკი მას ქალები ასრულებენ. უფასურდება აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ქალები აკეთებენ - დიასახლისობა, მასწავლებლობა, სოციალური მუშაკობა, აღმზრდელობა, დამლაგებლობა. სხვადასხვა კულტურებში, როცა რაიმე დიდ მიღწევას განიხილავენ, მართალია, პირდაპირ არ მიუთითებენ, რომ ეს მხოლოდ მამაკაცის დამსახურებაა, მაგრამ ამკიდრებენ აზრს, რომ ქალებს ეს ვერ გამოსდით. ბოვუარის მტკიცებით, საზოგადოების მხრიდან ბიჭებიც დიდ ზეწოლას განიცდიან და ვალდებულნი არიან, მაჩოისტურ-პატრიარქალურ იდეალებს „მოერგონ“. ისინი არ უნდა ჩაერიონ იმ საქმეში, რომელიც „ქალურად“ მიიჩნევა. ბიჭები მალევე ისისხლხორცებენ ამ იდეოლოგიას და იქცევიან ისე, როგორც სოციუმი იხოვს მათგან - ფარავენ ემოციებს, ხდებიან უხეშები და ამაყები. ისინი იძულებულნი არიან, უარყონ საკუთარი თავი, სურვილები და მისწრაფებები. გოგონები იმიტომ ანიჭებენ უპირატესობას ბიჭურ „ელემენტებს“, რომ ნათლად გრძნობენ - საზოგადოებაში მამაკაცის როლი და საქმიანობა უფრო პრესტიჟულია, ვიდრე - ქალების. ქალი განაწყენებულია იმის გამო, რომ საზოგადოებაში დაქვემდებარებული და იზოლირებული მდგომარეობა უჭირავს და ამიტომაც, ამ დანაკლისს ინაზღაურებს ვაჟებზე ძალადობით. გოგონები იზრდებიან ქალურ სამყაროში, სადაც ყველაფერს ქალები მართავენ და განაგებენ; დედა ძლიერი და პატივსაცემი ადამიანია; მოგვიანებით კი, როცა გოგონა წამოიზრდება, სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდება, იქ, სადაც პატრიარქალური წესრიგი მეფობს და მხოლოდ „კაცური“ თვისებები ფასობს. ქალები დაბადებიდან სიკვდილამდე ჩაგვრას განიცდიან; მათ ბავშვობაში სხვადასხვა „ქალური“ სათამაშოებით თამაშსა და საყვარელ თოჯინებზე დედასავით ზრუნვას ასწავლიან. ყოველივე ამის შედეგად დედობა დიდ სათნოებად ეჩვენებათ; ისინი თავიდანვე ეგუებიან პასიურ როლს და ოცნებობენ იმ დღეზე, როცა შვილებს გააჩენენ. ავტორს მიაჩნია, რომ გოგონას ტრადიციული, პატრიარქალური ნორმების მიხედვით აღზრდა-განათლება ქალის უბედურების უმთავრესი მიზეზია. ყველა ზღაპარში (ხან ექსპლიციტურად, ხან კი იმპლციტურად) „მარადი ქალის“ მითია აღწერილი; იგი მხოლოდ დედად და სამაგალითო მეუღლედაა წარმოჩენილი. ამიტომაც, იგი ფროიდისეული ფსიქოანალიზის ფემინისტური კრიტიკის აუცილებლობის საკითხს სვამს და მის ფემინისტურ დეკონსტრუქციას გვთავაზობს.

ამრიგად, სიმონ დე ბოვუარმა ბავშვების აღზრდის ტრადიციული სისტემის ფემინისტური კრიტიკისას თავისი ეპოქისათვის უაღრესად დეკონსტრუქციული იდეა გამოთქვა - საზოგადოება და მშობლები გოგონებს აკვნიდანვე პატრიარქალურ იდეოლოგიას უნერგავენ, ცდილობენ, ქალის ტრადიციულ ხატს „დაამსგავსონ“ ისინი და დედობისა და დიასახლისობისათვის შეამზადონ. ამ იდეებით სიმონ დე ბოვუარი დაუპირისპირდა იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, გოგონები იმიტომ თამაშობენ თოჯინებით, რომ ბიოლოგიურად „კოდირებულები“ არიან და შვილების გაჩენა მათი „ბუნებრივი მისწრაფებაა“. პატრიარქალური ფსიქოანალიზისა და „პენისის შურის“ კრიტიკისას სიმონ დე ბოვუარმა კიდევ ერთი დეკონსტრუქციული იდეა განავითარა - ფროიდისეულ „პენისის შური“ არა ბიოლოგიური, არამედ - სოციალური მოვლენაა. გოგონებს შურთ ბიჭების არა იმის გამო, რომ მათ პენისები აქვთ, არამედ იმის გამო, რომ ისინი საზოგადოებაში პრივილეგირებულნი არიან. კარენ ჰორნის იდეებზე დაყრდნობითა და საკუთარი თეზისებით სიმონ დე ბოვუარმა თავდაყირა დააყენა ფროიდისეული წარმოდგენა ფემინურობის შესახებ, ქალის ფიზიოლოგიური „ნაკლოვანების“ მითი გაანადგურა, წამოჭრა ქალის საზოგადოებრივი დათრგუნვისა და ოპრესიის საკითხი, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნა ქალის ფიზიოლოგია და მისი სოციალური სტატუსი. „მეორე სქესი“ იჩაგრება არა თავისი ბიოლოგიური მონაცემებისა და სასქესო ორგანოს, არამედ - სოციუმის პატრიარქალური მოწყობისა და მასკულინური სუპრემაციის გამო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^