მე 90-იანების თაობა ვარ. ის თაობა, რომელსაც არ ახსოვს სამაჩაბლო და ბუნდოვნად ახსოვს აფხაზეთი. ის თაობა, რომლისთვისაც სოხუმი ტელევიზორში ნანახი, ცეცხლწაკიდებული მთავრობის სახლის წინ მოცეკვავე გაბურძგნულ მეომართან ასოცირდება, ჭუბერი კი - თოვლიან გზაზე ადამიანების უწყვეტ ჯაჭვად გადაჭიმულ კადრთან.
მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლისთვისაც „სიგუას ნამცხვარი“ უცხო არ ყოფილა, არც პურის რიგში დგომა, არც ცარიელი დახლები, არც ჰუმანიტარული დახმარებები და არც მუდმივად მონატრებული დედა, რომელიც სხვა ქალაქში მუშაობდა და ხშირად 2-3 დღეს ვერ ვნახულობდით. სამაგიეროდ უცხო იყო შუქი, გაზი თუ ცხელი წყალი...
მე ის თაობა ვარ, ვინც “ბასტი-ბუბუს“ სიმღერების ნაცვლად „შავლეგოს“ მღეროდა, რომელსაც რუსი ცისფერჩაფხუტიანებიც ახსოვს, ერგნეთის ბაზრობაც და კონტრაბანდული საქონელიც; რომლის ბავშვობაც იმ პეჩენიებსა და ვაფლებთან ასოცირდება, ცეცხლი რომ ეკიდებოდა და ჭამა არ შეიძლებოდა, თუმცა მაინც ვჭამდით; მე ის თაობა ვარ, რომელიც "სნიკერსზე", როგორც საყოველთაო კეთილდღეობისა და ფუფუნების საგანზე ნაძლევდებოდა თანატოლებთან და რომელსაც ეს ჩვევა დღემდე, ბავშვობის კომპლექსად გამოჰყვა (დანაძლევების დროს, პირველი ყოველთვის "სნიკერსი" მოგვდის თავში);
მე ის თაობა ვარ, რომელიც სანთლის შუქზე კითხულობდა წიგნებს და შეშის ღუმელზე თბებოდა; ის, რომელიც გორში გაიზარდა და სტალინის თანაქალაქელობა, რატომღაც, მუდმივ დაღად დაჰყვება.
90-იანები ჩვენი ბავშვობა იყო და მეტ-ნაკლებად ნათელ ფერებში აღვიქვამდით. არ ვიცით, რა ხდებოდა სინამდვილეში. არ ვიცით, რას განიცდიდნენ ჩვენი მშობლები, რომლებმაც წლობით ნაგროვები ფული დაკარგეს ბანკებში, არ ვიცით, როგორი იყო მათთვის ტყვიების ზუზუნით სავსე ქუჩებში პურის საყიდლად გასვლა, როდესაც უკან ცოცხლად დაბრუნების გარანტია არ ჰქონდათ. მათგან განსხვავებით, ჩვენ არც შიდა და გარე მოღალატეები გვახსოვს, არც რუსეთის ულტიმატუმები, არც სამოქალაქო ომები.
თუმცა ჩვენ გვახსოვს 2008...
და დღეს, როდესაც ვიღაცები რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე სხდებიან, ვისაც ორი რუსეთის სჯერა, ვისაც გული უჩუყდება წითელი ქვეყნის წითელ მოედანზე გამართულ საქველმოქმედო კონცერტებზე საქართველოს დასახმარებლად, ვისაც ჰგონია, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთისაგან შორს დგას, ვისაც მიაჩნია, რომ ერთმორწმუნეობა ჩვენი მეგობრობის გარანტიაა, ვისაც ჰგონია, რომ ისევ რუსეთი სჯობს, ვინც ფიქრობს, რომ დიდმა ძმამ ხანდახან ყური უნდა აგვიწიოს, არ მესმის მათი, რადგან არ ვიცი, როგორ უნდა დავივიწყო ემოცია, რომელიც შვიდი აგვისტოს ღამეს, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარს მქონდა, როდესაც ცხინვალისკენ გაწითლებულ ცას შევცქეროდი და ტყვიამფრქვევის გაბმული ხმა მესმოდა;
ანდა, რვა აგვისტო დილა, ქალაქში რომ ტყვია-წამლის სუნი და ტყვიის ღრუბელი იდგა;
ის შეგრძნება, რომელიც პირველი ბომბის ჩამოვარდნისას მქონდა, თითქოს სახლი საძირკვლიდან რომ ამოხტა და უკან დაბრუნდა;
იმ ერთი წამის ფიქრი, რომ შესაძლოა, მშობლიურ ქალაქში ვეღარასოდეს დავბრუნებულიყავი;
დაბომბილი და დამწვარი სახლები;
დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები;
სირცხვილის, შეურაცხყოფის, უსუსურობის განცდა;
რუსული ჩექმით გასრესილი თავმოყვარეობა;
დაღუპული ექიმები;
ორსული ქალები;
დაობლებული ბავშვები;
დევნილობის ერთი თვე;
შინდისის გმირები;
გიორგი ანწუხელიძე;
მოხუცი დედები, რომლებმაც შვილები ეზოებში, საკუთარი ხელით დამარხეს;
მიცვალებულები, რომელთა გამოტანის ნებაც გარდაცვალებიდან 1-2 კვირის შემდეგ მოგვცეს;
მითები „მძინარე ცხინვალის“ შესახებ;
ყოვლად ამაზრზენი და ზღვარგადასული პროპაგანდა რუსული მედიიდან;
საკონცენტრაციო ბანაკებს დამსგავსებული დევნილთა ჩასახლებები;
ამ შვიდი წლის მანძილზე საოკუპაციო ხაზის უტიფარი, უსინდისო და ცინიკური გადატანა-გადმოტანას ისე, როგორც მოეპრიანებათ;
რუსული მავთულხლართებით გაყოფილი ოჯახები;
დაკარგული ტერიტორიები;
ადამიანები, რომლებმაც საოკუპაციო ხაზს მიღმა მშობლების, და-ძმის, შვილების საფლავები დატოვეს და მონახულების საშუალება არ აქვთ;
აგვისტოს ომის შემდეგ გაჩენილი არასტაბილურობის შეგრძნება;
2008.08.07 - 23:35...
როგორ ვაპატიო რუსეთს?!