ახალს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ბოლოდროინდელი პროცესების გამო მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა არის სიტყვის თავისუფლება, რა მნიშვნელობა აქვს მას დემოკრატიული საზოგადოებისთვის და რას ნიშნავს, გერქვას თავისუფალი სიტყვის დამცველი.
საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც დემოკრატიული პრინციპები მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ნებისმიერი ტიპის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე აღქმულია, როგორც თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს ხალხის მძაფრ რეაქციას.
გადავავლოთ თვალი ”რუსთავი 2-ის” ირგვლივ ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებს.
არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ქიბარ ხალვაშს ახსენდება,რომ მისი ქონება უკანონოდ მიითვისეს და იწყებს ბრძოლას ”წართმეულის” დასაბრუნებლად. ამას მოსდევს სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესი მიღებული გადაწყვეტილება და ტელეკომპანიის ქონების დაყადაღება. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა იმ ტელევიზიის წინააღმდეგ, რომელიც არ მოქმედებს ისე, როგორც ხელისუფლებას უნდა. საბოლოოდ კი ვიღებთ იმას, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი-საზოგადოების მძაფრ რეაქციას.
მიუხედავად იმისა, რომ ”რუსთავი 2-ის” გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, ვფიქრობ, რომ მას ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც სხვას. ბუნებრივია, მხარს დავუჭერ ნებისმიერი ტელევიზიის კანონიერ არსებობას და ეს მხარდაჭერა განპირობებულია არა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით, (მოწონება-არმოწონებით) არამედ ზოგადად თავისუფალი (მათ შორის ჩემთვის არმოსაწონი და მიუღებელი) აზრის არსებობის აუცილებლობით.
”რუსთავი 2-ის” მხარდამჭერთა ფეისბუქ ჯგუფს შევუერთდი. ჯგუფში მყოფთა ძირითადი ნაწილი აღშფოთებულია ბოლოდროინდელი პროცესების გამო, მაგრამ ამავდროულად ამართლებს ”იმედის” დახურვას. (დახურვა რბილი ნათქვამია).
გადავხედე თავისუფალი მედიის ”გულმხურვალე დამცველებს” და ვერ გავიხსენე რამდენიმე მათგანის გარდა სად იყო ეს ხალხი, როდესაც ბაზრობებზე სატელიტურ ანტენებს აყადაღებდნენ, როდესაც ”მაესტროს” და ”კავკასიას” საკაბელო კომპანიები უარს ეუბნებოდნენ მომსახურებაზე, როდესაც რეგიონულ ტელევიზიებს ხურავდნენ და ა.შ. იმ რამდენიმე ადამიანიდან, რომელიც მახსოვს, ნაწილი მაშინ სხვა მხარეს იდგა და თავად იყო თავისუფალი მედიის მტერი.
იმის თქმა მინდა, რომ ვისთვისაც ”იმედის” დარბევა აუცილებლობა იყო და ანტენების ბაზრობებზე დაყადაღება კანონიერი პროცესი, დღეს კი ბოლო ხმაზე „ხავის“, რომ თავისუფალი მედია საფრთხეშია, ის არავითარ კავშირში არ არის არც თავისუფალი მედიის დაცვასთან და არც სიტყვის თავისუფლებასთან. ეს ადამიანები არიან პარტიული მუშაკები და აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ ”რუსთავი 2” გადარჩეს არა, როგორც თავისუფალი მედიის ნაწილი, არამედ როგორც პროპაგანდისტული მანქანა.
დღეს რომ ”რუსთავი 2” წინააღმდეგ მიმარული შეტევა გაჩერდეს და ხვალ მიადგნენ ”იმედს”, ”ასავალ-დასავალს” ან ნებისმიერ სხვას, ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი „პირში წყალს ჩაიგუბებს“. მათთვის სიტყვის თავისუფლება ნიშნავს მხოლოდ იმ სიტყვის თავისუფლებას, რომელიც მათ მოსწონთ.
ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეზე სასამართლო არ მიიღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას და სიმართლე გაირკვევა. იმის იმედიც მაქვს, რომ ერთ დღეს ისეთი საზოგადოება ვიქნებით, როდესაც იმ სიტყვის შეზღუდვაც შეგვაწუხებს, რომელიც შეიძლება ძალიან არ მოგვწონდეს.