„გლახის ნაამბობი“ რომ წავიკითხე, პატარა ვიყავი იმისთვის, (ალბათ 8 ან 9 წლისა) რათა კარგად გამეგო ის მთავარი სათქმელი, რის გამოც ილია ჭავჭავაძემ ეს მოთხრობა დაწერა, და ძალიან მიკვირდა, რატომ ვერ შეძლო მთავარმა გმირმა, დაბრუნებოდა იმ წერტილს, საიდანაც თამროს დააშორეს. რატომ აღარ შეეძლოთ ერთად ყოფნა, ხომ ცოცხლები იყვნენ, ხომ უყვარდათ ერთმანეთი! როგორ შეეძლო გაბრიელს უარი ეთქვა სიყვარულზე ისეთი ტრაგიკული, მაგრამ ჩემს აღქმაში სრულიად უმნიშვნელო რამის გამო, როგორიც გაუპატიურება და მერე თამროს „უნამუსოდ“ ქცევა იყო? რას ნიშნავდა „უნამუსობა?“ რატომ იყო ასეთი დაუძლეველი? როგორი სასტიკი იყო გაბრიელი, როცა ხელი ჰკრა თამროს! ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მაშინდელი განცდები - ჩავთვალე, რომ გაბრიელის ყველა უბედურება, დათიკოს ბოროტების (სოციალური უსამართლობისა მაშინ არაფერი გამეგებოდა) კი არა, არამედ, სწორედ მისი ბრალი იყო - თამროს შეხვდა და ხელი ჰკრა! საბრალომ ვერაფერი გააკეთა სიყვარულისთვის. მაშინ უკიდურესად მძაფრად განვიცდიდი ამ ამბავს. იმ პერიოდში წაკითხულ წიგნების გმირებს სულ გაბრიელს ვადარებდი, ვფიქრობდი, აი, ჯულიეტა რომ სხვასთან დაწოლილიყო, რას იზამდა რომეო, ასევე მიაგდებდა, თუ არა?
პატარა ვიყავი, მეპატიება ასეთი ფიქრები. უკვე მოზრდილი მივხვდი, რომ არც ილიამ იფიქრა თამროზე. მისთვისაც, მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე დიდი ლიბერალი ქართველისთვის თამრო იყო „უნამუსო“ ქალი, ანუ უკვე აღარავინ და მორჩა!
მერე დედაჩემი ვიღაც ნაცნობის ამბავი მოყვა - საცოლე გააუპატიურეს, მაგრამ მაინც მოიყვანა ცოლად, რა კარგი ადამიანი ყოფილაო. ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტი, ვუთხარი - იმ ქალს ხომ არ უნდოდა, ხომ ძალით გააუპატიურეს, და რატომ ეთვლებოდა კაცს ეს გმირობად. - შენ ჯერ რას გაიგებ ამ ამბავსო, - სიტყვა ბანზე ამიგდო, არ დამელაპარაკა, არაფერი ამიხსნა. რომ დამლაპარაკებოდა, აუცილებლად მეტყოდა, რომ ქალწულობა ყველაზე და ყველაფერზე მთავარია ქალისთვის, რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოს ქალწული. თუმცა, ამის თქმა არც სჭირდებოდა, ეს თავისთავად იგულისხმებოდა.
ასე სჯეროდა დედაჩემს. საბჭოთა დროს გაზრდილ უმაღლესდამთავრებულ კულტურულ, განათლებულ ადამიანს. ასე გვზრდიდა მე და ჩემს დას. არავითარი სექსი გათხოვებამდე - სექსი დანაშაულია, სიყვარული კი სექსის გარეშეც შეიძლება.
ასე სჯეროდათ დედაჩემის მეგობრებს, ჩვენს ნათესავებს, ირგვლივ ყველას, ვისაც ვიცნობდი და ურთიერთობა მქონდა. რუსი ქალები ამიტომაც ვერაფრით იქცეოდნენ ქართველების კონკურენტებად. ისინი - გასართობი ქალები იყვნენ, ქართველები, პატიოსნები და ქალწულები, მომავალი ცოლები, რომელებსაც მერე მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ეთმინათ ქმრების ღალატი იმ "გასართობ" რუს ქალებთან.
ასეთი იყო ოჯახის საბჭოთა ქართული პარადიგმა, რომელიც დღეს კიდევ უარესით, რელიგიური თვალსაზრისითაც გამყარდა - მამაკაცს ისევ ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო ქალი უნდა იყოს გათხოვებამდე ქალწული, მერე ქმრის მორჩილი და საღამოობით ფეხიც უნდა დაბანოს ქმარს. ოჯახის გაგების საბჭოთა პარადიგმა ახლა კიდევ ზეციური და ღვთიური მადლითაა "გასხივოსნებული", ხოლო ოჯახის გარეთ სექსი ცოდვაა, რომლის გამოც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებიან, თუმცა, განსაკუთრებულად მწველ ცეცხლში სწორედ ქალებს პირდებიან დაწვას და არა - მამაკაცებს, რომელებსაც არა მხოლოდ ქორწინებამდელი სექსი, არამედ, ცოლის ღალატიც ეპატიებათ, ანუ ისევ ქალმა უნდა დაითმინოს.
ძალიან ხშირად, როცა ქალთა უფლებებზე ვსაუბრობთ, ჩვენც გვერდს ვუვლით ხოლმე სექსუალურ თავისუფლებას, ჯერ კიდევ, როგორც ჩანს, ეს თემა მაინც საჩოთიროა და საჯაროდ საუბარს ვერიდებით - ღიად არ ვგმობთ იმ უსამართლო და ბოროტ მოსაზრებას, რომ ქალმა „თავი უნდა შეინახოს“ და ქმარს აუცილებლად მთელი საქალწულე აპკით და პატიოსანი (რა საზარელია ეს სიტყვა ამ კონტექსტში) ჩაბარდეს. სექსუალურ ცხოვრებას ოჯახის გარეთ არც განვიხილავთ - ქალისთვის სექსი მხოლოდ ოჯახში, ქმრის სარეცელზე, და როგორც ერთმა პერსონაჟმა თქვა „დედამისის სახლში“ შეიძლება.
არადა, ქალის ჩაგვრა სწორედ ამ წერტილიდან იწყება - როცა მამაკაცს აქვს სექსუალური თავისუფლება, ხოლო ქალს - არა. როცა მამაკაცებს არავინ უმოწმებს აპკს, ხოლო ჩვენ, ქალებს - გვიმოწმებენ. გვიმოწმებენ ყველას თვალწინ, საჯაროდ, ტელევიზიით, მერე ასევე საჯაროდ გვლანძღავენ და ან გვიცავენ, ვითომ კონკრეტული ადამიანის სექსუალური გამოცდილება ყველაზე საკრალური, ყველაზე ინტიმური ამბავი არ იყოს, რომელიც საჯაროდ და მედიით არ უნდა განიხილებოდეს.
იმ სამყაროში, რომელსაც ჩვენ ცივილიზებულს ვუწოდებთ, ეს ბოროტი ჩვეულება დიდი ხანია დაძლიეს და ქალების პატიოსნების საზომად აპკს აღარავინ იყენებს. მჯერა, ქალებიც ამიტომ გათავისუფლდნენ, მჯერა, ნამდვილი თანასწორობა სწორედ ამ წერტილიდან - სექსუალური თანასწორობიდან იწყება და თუ ამას არ მივაღწიეთ, თუ ეს არ ვისწავლეთ, ზღაპარია საუბარი რაიმე სახის თანასწორობაზე და პროგრესზე.
მჯერა, რომ ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა და ღიად, უნდა ვუთხრათ გოგონებს, რომ მათი ქალწულობა მათივე არჩევანია, რომ მათაც ისეთივე უფლება აქვთ დაიწყონ სექსუალური ცხოვრება ზრდასრულ ასაკში, როგორც ბიჭებს, რომ საქალწულე აპკი მხოლოდ და მხოლოდ ქალის ჩაგვრის და ქალზე ძალადობის იარაღია, რომ იმისათვის, რათა სექსი გქონდეს, საჭირო არ არის გათხოვება, მერე ბავშვის გაჩენა, მერე მარტოდ დარჩენა და ცხოვრების საუკეთესო წლების მოწამვლა, რომ ქალი და კაცი თანასწორია უპირველესად აქ, სექსში...
მაგრამ, როგორ უნდა ვილაპარაკოთ ისე, რომ ჩვენმა ხმამ რაც შეიძლება მეტ გოგონამდე მიაღწიოს, როგორ უნდა დავანგრიოთ ეს საუკუნეებით გაბატონებული სტერეოტიპები, რომელსაც „ტრადიცია“ დავარქვით, როგორ უნდა გავაჩეროთ მშობლები, რომელებიც ისევ ძალადობენ გოგონებზე, როგორ უნდა ვაჯობოთ ინსტიტუციას, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობა?
ალბათ, მთავარია, დავიწყოთ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, როცა დავიწყებთ და არ შეგვეშინდება, მერე რაღაც გზაც აუცილებლად გამოჩნდება.
ძალიან ძნელია გაუძლო ოჯახის, საზოგადოების, ეკლესიის ზეწოლას, როცა არავინ დგას შენს გვერდით, როცა არავინ დაგიცავს. ამიტომაც საჭიროა, რომ გოგონებმა ყველგან - ქალაქებშიც და სოფლებშიც იცოდნენ, რომ ვიღაც არსებობს, ვისაც მათი დაცვა შეუძლია, ვიღაც ჰყავთ გვერდზე მდგომი და გამომსარჩლებელი. მაინც მგონია, რომ ამის ცოდნა განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ გოგონებს სჭირდებათ. იქ გაცილებით მძიმეა ჩაგვრაც და ზეწოლაც.
ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ დღეს ჩემი მეგობარი ქალები, „ქალთა მოძრაობის“ წევრები, რომლებიც ზუგდიდში წავიდნენ მარიამ ხოჯავას სასამართლოზე დასასწრებად და მის გასამხნევებლად. მარიამს უგულო და ბოროტმა ადამიანებმა ცილი დასწამეს, რომ ქალწული არ იყო, სასტიკად ცემეს და სახლიდან გამოაგდეს. მარიამმა უკვე გაიმარჯვა, მაშინ, როცა გადაწყვიტა შეურაცხყოფა არ აეტანა და სასამართლოსთვის მიემართა.
მარიამი მარტო არ არის. ქალებს თანადგომა და ერთმანეთის დაცვა შეგვიძლია. იმისიც მჯერა, რომ სასამართლო სისტემაც დაიცავს მარიამს და მოძალადე დაისჯება.
მე ზუგდიდში ვერ წავედი, და ეს ტექსტიც მარიამის (და სხვა გოგონების) გასამხნევებლად დაიწერა, თორემ ორი წელია, აღარაფერი დამიწერია.