Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არის თუ არა კონსტიტუციური შუალედური არჩევნები ორ მაჟორიტარულ ოლქში?

01 სექტემბერი 2015

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა. მიზეზი ორი მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაა. საკანონმდებლო ორგანოს ორი წევრი გამოაკლდა. საგარეჯოს მაჟორიტარი მინისტრი გახდა, ხოლო მარტვილის - გარდაიცვალა.

საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წელს, 28 მაისს მაჟორიტარული ოლქები არსებული სახით არაკონსტიტუციურად ცნო. ეს კი ყველა ოლქის არაკონსტიტუციურად ცნობას ნიშნავს, რაც ასევე მოიაზრებს იმასაც, რომ მათში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩატარებული არჩევნები არაკონსტიტუციურია.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საარჩევნო კოდექსის ორ ნორმას, რომელთა მიხედვითაც:

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში განსაზღვრულია 10 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

თბილისის გარდა ოლქები ემთხვევა თვითმმართველ ერთეულებს - მუნიციპალიტეტებს.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო როგორც თბილისის ათ დეპუტატიანი კვოტა, ისე საარჩევნო ოლქებსა და თვითმმართველ ერთეულებს - მუნიციპალიტეტებს შორის ტოლობის ნიშანი (აქ ვითარებას არ ცვლის ის, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რამდენიმე შემთხვევაში ეს ტოლობის ნიშანი აღარ არსებობდა).

მთავარი მიზეზი რატომაც ეს სასამართლომ გააკეთა დისპროპორცია იყო რაც, ზემოაღნიშნული მოწყობის შედეგად, საარჩევნო ოლქებს შორის დგინდებოდა. იქმნებოდა ვითარება, რომლის მიხედვითაც საბურთალოს 123 000 ამომრჩეველი და ასპინძის 10 000 ამომრჩეველი ერთი და იმავე რაოდენობის დეპუტატს ირჩევდა. ეს წინააღმდეგობაში იყო ხმის თანაბრობის პრინციპთან, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანასწორი იყოს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ხმათა თანაბარი „წონა“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთ ადამიანს როცა ის 123 000 ამომრჩეველის ნაწილია უფრო ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლია არჩევნების საბოლოო შედეგზე, ვიდრე იმას ვინც 10 000-ის ნაწილია. ამდენად ასპინძელი ამომრჩევლის ხმა არსებული სისტემით 13-ჯერ უფრო მნიშვnელოვანია ვიდრე საბურთალოს ამომრჩევნილისა. სასამართლომ განაცხადა, რომ ამგვარი რეალობა ეწინააღდეგება, როგორც საარჩევნო უფლებას, ისე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.

სასამართლომ მიუთითა, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი დებულებები ძალადაკარგულია გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ მართალია მათ საფუძველზე აქამდე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი არ დგება, თუმცა ამიერიდან ისინი აღარ მოქმედებენ და არჩევნები, რომელიც ამ ნორმების მიხედვით, ან მათი ლოგიკის მიხედვით ჩატარდება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

აქ წარმოიქმნება ერთი დელიკატური საკითხი, გასაგებია, რომ მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ რა ხდება შუალედური არჩევნების დროს, ანუ მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სრულად ახალი პარლამენტის არჩევას, რამდენიმე ვაკანტური მანდატის შევსებას. სავარაუდო პასუხი არჩევნების ჩატარებისგან თავის შეკავებაა, რადგან არსებითად საარჩევნო ოლქები აღარ არსებობს. არსებულ ვითარებაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრობლემა არ გაითვალისწინა და არჩევნები დანიშნა.

ახლა მთავარი კითხვაა როგორ შეგვიძლია მივიღოთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი მას შემდეგ, რაც შუალედური არჩევნების კონსტიტუციურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ერთადერთი გამოსავალი საკონსტიტუციო სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს ორგანული კანონი არც თუ მოსახერხებელ ვითარებაში აყენებს, სარჩელის შეტანაა. ამის უფლებამოსილება სამ სუბიექტს აქვს, ესენია: სახალხო დამცველი, პრეზიდენტი და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასამართლომ არსებული მაჟორიტარული ოლქები სწორედ მოქმედი სახალხო დამცველის პირადი სარჩელის საფუძველზე ცნო, ასევე იმას, რომ საპარლამენტო უმცირესობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, და იმასაც რომ პრეზიდენტი გულგრილი არ არის პოლიტიკური პროცესების მიმართ, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დავის განხილვის ალბათობა იზრდება. მითუმეტეს სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან ძალიან მალე, 30 დღეში უნდა გამოიტანოს. სარჩელის მოსამზადებლად კი მოსარჩელეებს ზუსტად ერთი თვე აქვთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^