წუხელ გვიან „მაესტროზე“ ორი გამოწკეპილი ბატონის, ნიკა ლალიაშვილისა და ლევან ვასაძის შეხმატკბილებულ ბაასს ვუსმინე, ამ ბატონების ნაუბარზე როგორ მოვცდებოდი ან მკითხველს როგორ მოვაცდენდი, მაგრამ ლევან ვასაძეს წამოსცდა (მგონი, მერე ინანა), რომ თურმე ილია მეორეს საპატრიარქოში განათლების მინისტრი დაუბარებია და თითი დაუქნევია იმის გამო, რომ სამინისტრო ახალი საგნის, „მე და საზოგადოების“ შემოღებას აპირებს. ლევან ვასაძემ ილაპარაკა „კონკორდატზეც“, რაც ღიმილისმომგვრელია, ჩვენს კონსტიტუციაში ხომ წერია, რომ ეკლესია საერო საქმეებში არ უნდა ერეოდეს.
რამდენად წარმატებული იქნება ამ საგნის სწავლება, რამდენად მოახერხებს სამინისტრო კარგი სახელმძღვანელოს შექმნას და პედაგოგების მომზადებას, და ზოგადად, რამდენად უშველის ეს საგანი ჩვენს სავალალო მდგომარეობაში მყოფ განათლების სისტემას, ეს, რა თქმა უნდა, მომავლში გამოჩნდება, მაგრამ როცა სახელმწიფო ამბობს, რომ მოსწავლეებს ლიბერალური ღირებულებები და ტოლერანტობა უნდა ასწავლოს, უკვე კარგი ამბავია. ეს ადასტურებს, რომ ხელისუფალს სწორად ესმის ქვეყნის მომავალი განვითარება.
ვის აქვს ჩვენში უფლება მინისტრი დაიბაროს? მხოლოდ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს. და კიდევ აღმოჩნდა, რომ პატრიარქს ჰქონია. სად იბარებდნენ ასე ხალხს? რა ერქვა საბჭოთა კავშირში იმ ორგანოს? ახალგაზრდებს შევახსენებ - ქართულად - სუკი (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი), ხოლო რუსულად და ზოგადად, საბჭოურად - კაგებე (Комитет государственной безопасности СССР - КГБ).
განათლების მინისტრს თუ ეყოფა გამბედაობა თქვას, რომ მართლაც დაიბარეს საპატრიარქოში და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქციები მისცეს, მაინც არ შეაჩერებს დაგეგმილ პროექტს, შეიძლება, მომავალში საპატრიარქოში დაფიქრდნენ და მინისტრების დაბარება და მათთვის ჭკუის სწავლება გადაიფიქრონ.
თუკი განათლების მინისტრი ამის შესახებ არაფერს იტყვის (რასაც ვვარაუდობ) და საგანს მაინც არ შეაჩერებს, ესეც პროგრესისგან სვლა იქნება, თუმცა, არა ისეთი გაბედული, როგორიც გამოსვლა და ამ დაბარებაზე ღიად საუბარია, მაგრამ ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია. მე რომ მკითხოთ, მინისტრისთვის თითქმის შეუძლებელიც. შეუძლებელს კი ვის მოსთხოვ?
ამიტომ, მინისტრის მადლობელი ვიქნები მაშინაც კი, თუკი საგნის შემოტანას არ გადაიფიქრებს.
უბრალოდ, ერთი ამბავი გამახსენდა: ლაშა ბუღაძემ წლების წინ სატირული მოთხრობა დაწერა გიორგი რუსზე. საპატრიარქოში ეს აღიქვეს, როგორც წმინდანი მეფის, თამარის შეურაცხყოფა და მწერალს საკუთარ ნაწარმოებზე უარის თქმა მოსთხოვეს. ლაშა ბუღაძემ შეძლო და ეს ამბავი (დაბარების, ზეწოლის, დაშინების) მოგვიანებით აღწერა. აღწერა და ამის შემდეგ საპატრიარქოში საქმის გასარჩევად მწერალი აღარ დაუბარებიათ - ვერ ბედავენ, ეშინიათ! თორემ, რა სიამოვნებით დაუქნევდნენ თითს და ჩაუტარებდნენ აღმზრდელობით სამუშაოს, მაგალითად, ერეკლე დეისაძესა და ზაზა ბურჭულაძეს! ახლა ამისთვის ჰყავთ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი აგრესიული მღვდლებით, მრევლით და საჭირო დროს ასპარეზზე ისინი გამოჰყავთ ხოლმე. პატრიარქთან შედარებით მმკ-ს რა ძალა აქვს, მას ხომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს? ბოლოსდაბოლოს, თუ ეს ეს წვრილ-წვრილი ხულიგნები მეტისმეტად გავლენ თავს, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში კორდ-ბალეტს მოაწყობენ და სახელმწიფოც თუ ძალიან მოინდომებს, შეუძლია დააპატიმროს და რაღაც დროით ციხეში გამოამწყვდიოს.
წუხელ, გვიან ვფიქრობდი - იმისთვის, რათა საქართველო განვითარდეს და ევროპულ განათლებულ ერებს შორის დაიჭიროს ადგილი, ორი კერპის დამხობაა საჭირო - სტალინისა და პატრიარქის. აი, ასეთი მარტივი იყო ჩემი ფიქრები:
თუ პატრიარქის კერპს დავამხობთ, სტალინის კერპის დამხობა გაიოლდება. ჯერ ერთი, კერპის დამხობის გამოცდილებას შევიძენთ და მეორეც - ეს ორი ერთმანეთსაა გადაჯაჭვული, ანუ პატრიარქი აეკიდა მასზე ძლევამოსილსა და დიადს - სტალინს. დაემხობა ერთი და გაცილებით უფრო გაიოლდება მეორის დამხობა, თუმცა, ვაღიარებ, ეს უკანასკნელი მაინც უფრო ძნელი ჩამოსაგდები იქნება კვარცხლბეკიდან. „ჩვენი გორელი ბიჭი, დედამიწას რომ ატრიალებდა!“ - ამ სენტიმენტების ამოძირკვა ძნელია, აბა რა! ძნელი, მაგრამ არა - შეუძლებელი.
დანარჩენი მცირე კერპები აქ მოსატანი არ არის, ეს ორია მთავარი და დროზე დასამხობი.
მაინც განვმარტავ, აქ რას ვგულისხმობ - ჩვენი პატრიარქი საბჭოთა ადამიანია, საბჭოთა აღზრდით, საბჭოთა გამოცდილებით, საბჭოთა თამაშის წესების ცოდნით (სხვა, უბრალოდ, არ იცის), თუმცაღა, ლავირების გასაოცარი უნარით და ამ უნარის წყალობითაა სულ ზედაპირზე მოტივტივე.
არ იფიქროთ ახლა, ილია მეორეს მაინცდამაინც სუკის აგენტობას ვაბრალებდე, ან იმ ღვაწლის ნიველირებას ვცდილობდე, რაც მას ქართული ეკლესიის წინაშე მიუძღვის - ეს ეკლესია დღეს ისეთია, როგორიც ამ ადამიანმა შექმნა. თანაც, რაში მჭირდება იმის დაბრალება, რაც ზუსტად არ ვიცი და რასაც ვერ დავამტკიცებ; რასაც ვხედავ, ისიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვა - ჩვენი პატრიარქი საბჭოთა ადამიანია, საბჭოთა ადამიანისთვის კი სტალინი კერპია. არა აქვს მნიშვნელობა ეს საბჭოთა ადამიანი ღრმად მორწმუნე ქრისტიანია თუ უბრალო ათეისტი მევენახე, მას დანარჩენი, არასაბჭოთა ადამიანებისგან განსხვავებით, სტალინი უყვარს და კიდევ, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ქართველმა საბჭოთა კაცმა თქვა, მისთვის, საბჭოთა ადამიანისთვის, „საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“. ჩვენი პატრიარქიც რუსეთისკენ იმზირება - იქ ეგულება მართლმადიდებლობის ციტადელი, მესამე რომი, ახალი ბიზანტია. ამიტომაცაა, რომ ეპისკოპოსები ამბიონიდან ნატრობენ რუსეთის გაძლიერებას, ამიტომაა, რომ ეშინიათ სკოლებში ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის სწავლებისა, ამიტომაა საეკლესიო მაღაზიები სავსეა რუსულიდან ნათარგმნი შავრაზმული მართლმადიდებლური ლიტერატურით, ამიტომაც თქვა პატრიარქმა, რომ პუტინი ბრძენი კაცია. ჰო, პუტინიც საბჭოთა ადამიანია, სტალინი მასაც ძალიან უყვარს და რუსეთში ყველაფერი გააკეთა მისი კერპის გაცოცხლებისთვის. გააცოცხლა კიდეც - იქ სტალინის ხატებსაც ხატავენ და სახალხოდაც სცემენ თაყვანს.
ჩვენს სკოლებში საგნის „მე და საზოგადობა“ სწავლების დანერგვა კერპების მსხვრევის გზაზე ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
არადა, კერპების მსხვრევაში საშიში არაფერია. კერპი მაშინაა საშიში, როცა მისი ყოვლისშემძლეობისა გჯერა, თორემ, როგორც კი ფხიზელი თვალით შეხედავ, მაშინვე შვებით ამოისუნთქავ.