რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებაზე“ გამოქვეყნდა ექიმ-სექსოლოგ არჩილ ბაქრაძის თავისუფლების დღიურები, რომლებმაც უკვე საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი და დისკუსია გამოიწვია საზოგადოებაში. მაშინ, როცა დისკუსია იმაზე თუ სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის გრძელდება, მსურს ზემოხსენებული დღიურების შინაარსობრივ მხარეს და მის პრობლემურობას ჩავუღრმავდე.
დეტალურად ყველაფერი შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე წაიკითხოთ, თუმცა აქვე მოკლე შინაარსი:
ექიმი აღწერს, რომ მასთან კლინიკაში მივიდა ქალი თავის 23 წლის ვაჟთან ერთად და კატეგორიულად განაცხადა, რომ თუ მას არ დაეხმარებოდნენ, იქვე დაიწვამდა თავს. აურზაურის მიზეზი კი მისი შვილის სექსუალური ორიენტაცია იყო. ექიმი ჯერ დედას დაელაპარაკა ცალკე და აუხსნა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია მის შვილს „ქალი მოასინჯინონ“, შემდეგ კი თავად ახალგაზრდა კაცი შემოიყვანა კაბინეტში და აუხსნა, რომ თუ მას არ სურს „მთელი ცხოვრება პასიური იყოს“ და ასევე შეძლოს „ბავშვის გაკეთება“, 4-5 დღე მის კლინიკაში უნდა „წაიმკურნალოს“ და შედეგი გარანტირებულია. ამის შემდეგ ავტორი ასკვნის, რომ „კიდევ ერთ ჰომოსექსუალს მისცა ბისექსუალური არჩევანის შანსი“.
მოთხრობილი ამბავი საშინლად სტერეოტიპული და დისკრიმინაციულია. მასში იკვეთება სექსიზმი (ქალი, როგორც საცდელი ობიექტი, რომელიც კაცმა უნდა „მოსინჯოს“ ), ჰომოფობია (იმიტომ, რომ ჰომოსექსუალობის ავადმყოფობად აღქმა და მისი „განკურნების“ შეთავაზება, სხვა არაფერია თუარა ჰომოფობია) და ბიფობია (ბისექსუალობაზე სრულიად არასერიოზული ტონით საუბარი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება მკითხველისათვის). მაგრამ საკითხი ამით არ ამოიწურება. მოთხრობილი ამბავი სახიფათოა, რადგან არჩილ ბაქრაძე ექიმია და საქართველოში ჰომოფობიური განწყობების მაღალი დონისა და სექსუალურ ორიენტაციაზე ინფორმაციის ნაკლებობის გათვალისწინებით, მის მიერ აღწერილი „მარტივი“ მეთოდი ბევრი ისეთი ადამიანისთვის იქნება მოსაწონი და დამაჯერებელი, რომელიც საკუთარ ან საკუთარი ოჯახის წევრის სექსუალურ ორიენტაციას პრობლემად აღიქვამს.
ჰომოსექსუალობის საკითხი დიდხანს იყო ფსიქიატრიის და სექსოლოგიის სფეროზე მიბმული. მხოლოდ 1990 წელს ამოიღო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან, თუმცა ქართველი ფსიქიატრების, ფსიქოლოგების და სექსოლოგების ნაწილი მტკიცედ უარყოფს ამ ფაქტს და გულის სიღრმეში სჯერა, რომ ეს რაღაცა მითიური „გეი ლოჟის“ დამსახურებაა. მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ექიმებმა დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებით აღიარეს, რომ ჰომოსექსუალობის ავადმყოფობად შერაცხვა საფუძველსაა მოკლებული, ტრანსგენდერი ადამიანების ბედი კვლავ ექიმების ხელში რჩება, თუმცა ეს საკითხიც ახლო მომავალში ტრანსგენდერი იდენტობების დეპათოლოგიზაციის სასარგებლოდ გადაწყდება.
აქაც დიდ როლს თამაშობენ ის პრაქტიკოსი ექიმები და სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც სწორედ მედიცინაზე და მეცნიერებაზე დაყრდნობით ასაბუთებენ, რომ სხვადასხვა გენდერულ იდენტობების გაიგივება ფსიქიკურ აშლილობასთან ასევე საფუძველსაა მოკლებული.
ეს ყველაფერი მარტივად ჟღერს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ „დაგროვილი გამოცდილება“, რომელიც ზემოთ ვახსენე, ხშირად არაეთიკურ და ძალადობრივ მეთოდებზე გადიოდა. ლგბტ ადამიანებმა საუკუნეების მანძილზე ბევრი წამება და შევიწროვება გამოიარეს (და დღესაც, ხშირად განიცდიან იგივეს), თუმცა ეს წამება სულ უფრო „დახვეწილ“ ფორმებს იღებდა სექსოლოგიის და ფსიქიატრიის განვითარებასთან ერთად . მითი იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა განკურნებადია, მარტო საქართველოში არ არსებობს, და იმ დროსა და სივრცეში, სადაც ადამიანების (მით უფრო „ავადმყოფებად“ შერაცხული ადამიანების) ექსპერიმენტებისთვის გამოყენება დაშვებული და შესაძლებელი იყო, ექიმების ფანტაზიაც ფრთებს შლიდა ხოლმე.
გასულ საუკუნეში არსებობდა რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარული მეთოდი, მათგან ერთ-ერთი ავერსიული თერაპიაა. “ავერსია” ზიზღს ნიშნავს და ამგვარი „მკურნალობის კურსის“ მიზანი იყო ჰომოსექსუალს შეზიზღებოდა მისთვის ჩვეული სექსუალური ობიექტი. პროცესი დაახლოებით ასე წარიმართებოდა ხოლმე: სესიის დროს საცდელ პირს (ჰომოსექსუალს) აჩვენებდნენ მისივე სქესის ადამიანების ეროტიულ ფოტოებს, და ამავე დროს ან ელექტროშოკით უმასპინძლდებოდნენ, ან სისხლში შეყავდათ ხსნარი, რომელიც გულისრევის ძლიერ შეგრძნებას იწვევდა.
საბჭოთა კავშირში ლესბოსელების განკურნების მცდელობებით იყო დაკავებული ფსიქიატრი ელიზავეტა დერევინსკაია. ის საცდელ პირებს ლიბიდოს/სექსუალური აქტივობის დამაქვეითებელ პრეპარატებს აძლევდა და ამავე დროს ფსიქოთერაპიას უტარებდა. ექიმი დერევინსკაია კმაყოფილი იყო შედეგებით, სანამ აღმოაჩენდა, რომ ლიბიდოს დამაქვეითებელი პრეპარატების შეწყვეტის შემდეგ საცდელ პირებს ისევ უბრუნდებოდათ სექსუალური ლტოლვა ქალების მიმართ.
იყვნენ ექიმები და ფსიქოლოგები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჰომოსექსუალობას „კურნავს“ ქცევის შეცვლა. ამგვარად, საცდელ პირს უნდა ესწავლა თუ როგორ ყოფილიყო უფრო ასერტიული ქალებთან, გამხდარიყო უფრო მასკულინური და ა.შ. ალბათ, სწორედ ამ თეორიის საფუძველზე გახდა პოპულარული აშშ.-ში ე.წ. „გამოსასწორებელი ბანაკები“ სადაც შეწუხებული მორწმუნე, კონსერვატორი მშობლები შვილებს აბარებდნენ ხოლმე. ამ ბანაკებით ბევრმა რელიგიურმა ორგანიზაციამ იხეირა, ეს მომსახურებაც ხომ ფული ღირს. ამ ბანაკებიდან გამოსული ადამიანების ნაწილი საშინელებებს ყვება ცემის, შიმშილის, იზოლირების შესახებ, რომლებიც კონვერსიული თერაპიის განუყრელ იარაღებად იქცა. ნაწილი კი მორჩილად ხრის თავს და ამბობს, კი ვიყავი გეი, მაგრამ აღარ ვარ (ოღონდ თავი დამანებეთ!). აღსანიშნავია, რომ „კონვერსიული თერაპია“ (ანუ ჰომოსექსუალების „მკურნალობა“) მხოლოდ ამერიკის მხოლოდ რამდენიმე შტატშია აკრძალული და ჯერ კიდევ დაშვებულია ფედერალურ დონეზე.
ადრეული სექსოლოგიიდან წამოსულმა სტერეოტიპმა, რომლის მიხედვითაც ქალი სექსის დროს პასიური მიმღებია, რომელსაც უბრალოდ კაცი პარტნიორის „გასინჯვა“ ჭირდება იმისათვის, რომ ჰეტეროსექსუალობას დაუბრუნდეს (ჰეტეროსექსუალობა ნორმალურ საწყისად მიიჩნევა) იქამდე მიგვიყვანა, რომ ბევრ ლესბოსელს სწორედ ამ საბაბით აუპატიურებენ. მეორე მეთოდი, ლესბოსელების იძულებითი ქორწინებაა, რომელიც „პრობლემის“ მოგვარების მარტივ ხერხად ითვლება, რეალურად კი ქალის სისტემატიურ სექსუალურ და საყოფაცხოვრებო მონობაში ჩაბმას წარმოადგენს.
ექიმებმა ზემოთჩამოთვლილ მეთოდებთან ერთად კიდევ ბევრი რამ სცადეს, მათ შორის ჯირკვლების გადანერგვა, ჰორმონული თერაპია და ლობოტომიაც კი. მიუხედავად ყველაფრისა, დღეისათვის არც ჰომოსექსუალობის „განკურნების“ და არც მისი წარმოშობის შესახებ არცერთი ზუსტი და უტყუარი თეორია არ გვაქვს ხელთ. მიზეზი კი მარტივია - ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა, ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალობა ადამიანების მრავალფეროვნების გამოვლინებებია და არ წარმოადგენს ავადმყოფობას.
იმას, რასაც ახლა მე ვწერ, სწორედ სექსოლოგები, ფსიქიატრები და ფსიქოლოგები უნდა წერდნენ, სწორედ იმიტომ, რომ მედიცინამ უკვე დიდი ხანია აღიარა კულტურის და რელიგიის გავლენა და მისგან გათავისუფლების გზების დასახვაც დაიწყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზოგად ჰომოფობიურ ფონს (რომლისგანაც არც სამედიცინო მუშაკები არიან თავისუფლები) კიდევ ის ემატება, რომ არცერთ სამედიცინო კურიკულუმში არაა ასახული თანამედროვე, ადექვატური ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ.
ამ ბლოგით მინდა მივმართო იმ მშობლებს, რომლებმაც საკუთარი თავი შეიძლება ამოიცნონ ქალში, რომელსაც დღიურების ავტორმა ქართველმა სექსოლოგმა სრულიად ცრუ იმედი ჩაუსახა და შვილის „განკურნებას“ შეპირდა იმისგან, რაც ავადმყოფობა არ არის; ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მოცემული (სექსოლოგის მიერ ხალისით მოყოლილი) ამბის გმირის მსგავსად, შეიძლება დათანხმდნენ მსგავს „მკურნალობას“ იმიტომ, რომ საკუთარი თავის მიღება და ასეთ დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება უჭირთ.
იყო ჰომოსექსუალი და ცხოვრობდე ჰარმონიაში საკუთარ თავთან შესაძლებელია. მე ეს შევძელი და სწორედ იმ მხარდაჭერის მეშვეობით, რომელიც არა მხოლოდ ჩემი ახლობლების და მეგობრებისგან, არამედ ეთიკური, პროფესიონალი სექსოლოგისა და ფსიქოლოგებისგან მივიღე (კი, ასეთები არსებობენ, ისინი მუშაობენ და ზიანს არ აყენებენ პაციენტებს). შესაცვლელი არა ჩვენი იდენტობაა, არამედ ძალადობრივი გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ნუ დაუჯერებთ, ადამიანებს (რა წოდება, განათლება და სოციალური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეთ მათ), რომლებიც გპირდებიან, რომ საკუთარი თავისგან „განკურნება“ მარტივი, მიღწევადი და სასურველია უკეთესად ცხოვრებისთვის. „მკურნალობის“ ამ კურსს მხოლოდ მეტი ტკივილი და იმედგაცრუება მოაქვს.