Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორჯერ ორი

22 ოქტომბერი 2016

ბოლო დროს, როდესაც „ლიბერალის“ რედაქციის მეილზე მომდევნო შემოთავაზებას ვკითხულობ, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია ჩაატარებს ტრენინგს, სემინარს თუ ვორქშოპს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობათა საკითხების ეთიკური გაშუქება, სიძულვილის ენა, ტოლერანტობა, ქსენოფობია, ჰომოფობია და ა.შ., ხშირად გამივლია თავში -  რით ვერ დაიღალა ეს ხალხი ერთი და იმავეს ღეჭვით? რატომ ჰგონია რომელიმე NGO-ს, რომ ჩვენზე უკეთ იცის მედიასტანდარტი? როდემდე უნდა იმეორონ ეს 2 x 2= 4? რატომ არ ფიქრობენ რაიმე ახალი შესთავაზონ ტრენინგკურსის მსმენელებს? - და კორპორატულსნობიზმმოძალებულს და ცოტა არ იყოს გაღიზიანებულს, ჩამისქროლავს მეილლისტი. 

*  *  *
ბოლო დღეების ორი ტოპთემა: „ფიზიკური ძალადობა და სექსუალური ძალადობის მცდელობა - არასრულწლოვან გოგონას 3 უცხოელი თავს დაესხა -  ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ ორგანიზაცია ქართულმა ძალამ მიაწოდა“;

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიყენოს ყველანაირი მექანიზმი თურქეთის განზრახვების შესაჩერებლად... ერდოღანის განცხადება არის ისეთივე აგრესიული, როგორიც რუსი მაღალჩინოსნების. ეს განცხადება რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებულიყო, მას აუცილებლად მოჰყვებოდა რეაქციები“, - განაცხადა ”უფლებამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ

პირველი ნიუსი საქართველოს ყველაზე ყურებად, უმსხვილეს ნაციონალურ ტელეარხს, „რუსთავი-2-ს“ ეკუთვნის, მეორე კი - ასევე ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო სააგენტოს - „ინტერპრესნიუსს“.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ორივე მედიასაშუალების ხელმძღვანელობას საკმაოდ მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარი  მედიაპროდუქტის ხარისხზე. ამ პროდუქციის კრიტიკა, რბილად რომ ვთქვათ,  ჩემი მთავარი სამუშაო არ არის, თუმცა:

ორივე ამბავი უმნიშვნელოვანეს თემას ეხება, ორივე ამბავი მკითხველისა და მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, და მთავარი ისაა, რასაც ინტერესთან ერთად  ტირაჟირებადი არხებით გავრცელებულ ამგვარ არასწორად ინტერპრეტირებულ, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ტყუილ და არაპროფესიონალურად შესრულებულ სამუშაოს მოჰყვება ხოლმე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი ამბობს: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

ყოველგვარი მუხლების გარეშეც გასაგები უნდა იყოს - თუ შენ უაპელაციოდ ავრცელებ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ უცხოელები აუპატიურებენ ქართველ არასრულწლოვანს, რომ თურქეთის განზრახვაა წაგვართვას ტერიტორიები და ა.შ., ეს იწვევს,  სიძულვილს, რომელიც ერთ დღეს გადაიზრდება ქმედებაში, ზუსტად ისეთში, როგორიც მოხდა, მაგალითად, 27 სექტემბერს მარჯანიშვილზე, როცა სოხუმის დაცემის დღისთვის მიძღვნილმა მსვლელობის მონაწილეებმა რატომღაც თურქული რესტორანი დაარბიეს.

რას გვასწავლის ისტორია იმის მეტს, რომ სიძულვილით მასების მართვა ხელისუფალთა საყვარელი გასართობია? გავიხსენოთ ოცდაათიანი წლების გერმანია და ებრაელები...

ან რად გვინდა ასე შორს წასვლა. გადავხედოთ 90-იანი წლების  ქართული პრესის არქივს და ვიხილოთ „არაქართველთა“ სახეები, დავაკავშიროთ მომდევნო წლების კატასტროფებთან. 

დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ „ნიუსებს“. ამ თემებს, რა თქმა უნდა, „ლიბერალიც“ აშუქებდა. არასრულწლოვან გოგონაზე უცხოელების შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ გოგონა გამოიკითხა, მედიით გავრცელებული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და  საქმის გამოძიებაც კი არ დაწყებულა.

რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, ერდოღანმა რიზეში უნივერსიტეტის გახსნისას, ე.წ. ეროვნული აღქმის (Misak-ı Millî) და არა ეროვნული ინტერესების საზღვრებზე და ამ საზღვრებში შემავალ ტერიტორიებზე საუბრისას ახსენა ბათუმი. თურქეთის პრეზიდენტს ბათუმთან მიმართებით რეფერენდუმის შესახებ არაფერი უთქვამს.

„რუსთავი2-ის“ თუ „ინტერპრესნიუსის“ წარმომადგენელი ალბათ მეტყვის - რა შუაში ვართ ჩვენ? ჟურნალისტი, ერთ შემთხვევაში, ეყრდნობა ორგანიზაცია „ქართულ ძალას“, მეორე შემთხვევაში - ვინმე ნიკოლოზ მჟავანაძეს. 

აი აქ მივადექით ჟურნალისტიკის ანა-ბანას, აი იას, 2x2=4-ს - წყარო უნდა გადაამოწმო! აი, ასე და ასე.

(აქვე აღსანიშნავია ის, რომ თუნდაც რომელიმე უცხო ეროვნების ადამიანს ჩაედინა დანაშაული, ეძალადა ეთნიკურად ქართველზე, უცხოელობის ხაზგასმა უბრალოდ არაფრის მომცემია, რადგან კრიმინალი არის კრიმინალი მიუხედავად მისი ეთნიკური მიკუთვნებულობისა. აბა, სად წაგიკითხავთ სტატია სათაურით - "თბილისში ეთნიკურად ქართველმა მოქალაქემ... და აშ და ა.შ." ამ შემთხვევაში  მე მხოლოდ ინფორამციის სიზუსტეზე ვსაუბრობ).

ვის რაში აძლევს ხელს თურქოფობიის, ისლამოფობიის, ზოგადად უცხოელოფობიის გაღვივება, დანამდვილებით თქმა  რთული არ არის, მაგრამ დასაბუთებას გაცილებით მეტი არგუმენტი დასჭირდება, ვიდრე ბლოგის ფორმატი იძლევა საშუალებას. თუმცა მანამდე ესოდენ ტირაჟირებულ ვინმე მჟავანაძის განცხადების ამ ფრაგმენტს შეგიძლიათ დააკვირდით - „ერდოღანის განცხადება არის ისეთივე აგრესიული, როგორიც რუსი მაღალჩინოსნების. ეს განცხადება რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებულიყო, მას აუცილებლად მოჰყვებოდა რეაქციები“.

როგორ და რა ფორმით მონაწილეობს ქართული მედია, მაქსიმალური თავშეკავებით რომ გამოვთქვა, ამ არც ისე საშურ საქმეში? ბევრი მათგანის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, რაც შეეხება ჩემ მიერ დასახელებულ ტელევიზიას და სააგენტოს, იმედი მაქვს, რომ საქმე მხოლოდ ცუდად შესრულებულ შამუსაოსთან გვაქვს, რაც გამოსწორებადია, თუნდაც გადამზადების იმ ფორმების გამოყენებით, რაზეც პოსტის დასაწყისში ვწერდი. ნამდვილად არ არის ეს ორჯერ ორი, ნამდვილად კიდევ ბევრჯერ უნდა დაიღეჭოს ეს საკითხები, ნამდვილად არ არის ზედმეტი.  ნამდვილად "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^