Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელიანი ნარკოპოლიტიკის პროექტის კარსმომდგარ განხილვაზე

21 სექტემბერი 2017

ფოტო: ედო მჟავანაძე

„ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - დათო სუბელიანი, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი „ლიბერალთან“ ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებების კანონპროექტის შესახებ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

სუბელიანი გვიყვება, რა შიში და გამოწვევები არსებობს, როგორ უნდა შეფასდეს სამთავრობო უწყებების ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი განცხადებები, როგორ ხედავს „ნარკოპოლიტიკის პლატფორმა“ პროცესების განვითარებისთვის საჭირო გზებს, რატომ არ განიხილავს სამოქალაქო საზოგადოება კომპრომისულ ვარიანტებს და როგორია მათი სამოქმედო გეგმა.

რეფორმის კომპრომისული ვარიანტის გატანა

გასულ კვირას ნარკოპოლიტიკის გამოცდილების გასაცნობად პორტუგალიას საქართველოდან დეპუტატთა 4-კაციანი ჯგუფი და „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წევრები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ნარკოპოლიტიკის სტრატეგიების, მათ შორის, ნარკოტიკების დეკრიმინალიზების საკითხების შესწავლა; აგრეთვე, სამართალდამცავ და ჯანდაცვის ორგანოებს შორის ურთიერთობის, ზიანის შემცირების პროგრამების მართვის, განხორციელებისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.

[პორტუგალიამ ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით ფლობის დეკრიმინალიზება 2001 წელს მოახდინა. რეფორმის შედეგად შემცირდა ნარკოტიკების პრობლემური მოხმარება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მკურნალობაში ჩართულ პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა. შემცირდა აივ/შიდსის ახალი შემთხვევების რაოდენობა. იკლო ზედოზირების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელმა და ..].

დათო სუბელიანის თქმით, პორტუგალიაში, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გამოითქვა, დეკრიმინალიზებისა და სერვისების განვითარების რეფორმის გასატარებლად პოლიტიკური ნების გამოვლენა გახდა საჭირო. ახლა კი ყველა თანხმდება - „ხელისუფლება-ოპოზიცია, მემარჯვენე-მემარცხენე, რომ მოდელმა იმუშავა და საუკეთესო შედეგი გამოიღო... ამის მიზეზი არის ის, რომ მათ დამსჯელი ღონისძიებები სრულად ჩაანაცვლეს სერვისით, არარეპრესიული მიდგომით. შედეგად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პორტუგალიის კრიტიკული ინდიკატორების მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ მაჩვენებლით კი საქართველო ძალიან მოიკოჭლებს.

პორტუგალიაში მყოფ დეპუტატთა შორის იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ნარკოპოლიტიკის ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის პროცესში აღნიშნულ კომიტეტს წამყვანი როლი ენიჭება. 

აქტივისტის თქმით, მას რთული ამოცანა აკისრია - „ამ პროცესში მოახერხოს და რეფორმის კომპრომისული ვერსია გაიტანოს“. მისი თქმით, ბესელია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ პროცესს და სურს, დაიდოს ისეთი შედეგი, რომელიც მდგრადი იქნება და რომელზეც ძირითადი მოთამაშები თანხმდებიან.

„ჩვენი შიში და წუხილი უკავშირდება იმას, რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს. ეს რეფორმა მინიმალური აუცილებლობაა. არსებობს საკითხები, რომელზეც კომპრომისზე ვერ წავალთ, ვერ დავწევთ სტანდარტს. მაგალითად, რეფორმა თავისი სულისკვეთებით ვერ დაუშვებს იმას, რომ სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან მიმართებით მიდგომა გაიყოს. ჩვენ ვიცით შსს-ს, პროკურატურის, სკეპტიკოსების შიშები. ესაა ის შიშები, რაც ყველა სხვა ქვეყანაშიც გამოთქმულა და ჩვენთანაც ისმის, რომ მოხმარება მოიმატებს. ამბობენ, რომ, ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მოხმარება „რამით უნდა დავიჭიროთ“, რომ განსხვავებული უნდა იყოს მიდგომები მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებს შორის. ასეთი მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულად არ არის დადასტურებული, გამჯდარი რიტორიკაა, რაც ღუპავს ამ რეფორმას. ჩვენთვის არსებობს მეცნიერული, მტკიცებულებებზე დამყარებული მიდგომა. მთავარი ამოსავალია, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა იყოს დაშინებული იმის გამო, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს. მან უნდა მიიღოს ინფორმაცია, იცოდეს რისკების შესახებ და რაც შეიძლება მეტი კავშირი ჰქონდეს სერვისის მიმწოდებელ პროფესიონალებთან და არა პოლიციასთან... ჩვენ მართლაც არ ვითხოვთ ბევრს და რაღაზე უნდა მოხდეს კომპრომისი?!“, - ამბობს სუბელიანი.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის თქმით,  ვერც იმას დაუშვებენ, რომ დეკრიმინალიზაციაზე უარი ითქვას და დეპენალიზაცია დადგეს კომპრომისულ არჩევნად.  მისი თქმით, ეს წაგებული რეფორმა იქნება. ასევე წაგებული იქნება, ნარკოტიკების დაყოფა ე.წ. მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად. 

„ვერ ვხედავ ამ კომპრომისის შესაძლებლობას. ამიტომ ჩემთვის ქალბატონი ეკას გეგმა, რამდენად კარგადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, მგონია, რომ არარეალისტურია. ის არ იმუშავებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვერაფრით დავთანხმდებით კომპრომისებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.  ჩვენ ამ საწყისი მოცემულობით შემოვდივართ მოლაპარაკებაში და ეს არ არის ულტიმატუმი. ამაზე წლებია ვმუშაობთ, ვლაპარაკობთ, ბოლოს და ბოლოს, ყოველდღიურად ვსაუბრობთ ადამიანების დაკარგვაზე. ეს არის ამოსავალი წერტილი, რაზეც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ერთობა დგას და საიდანაც წარმოუდგენელია უკან დახევა“, - ამბობს სუბელიანი.

პროცესი, როგორც პრობლემა

სუბელიანი ამბობს, რომ პრობლემაა თვითონ პროცესიც და მისი ვადებიც. „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ახლა თვითმმართველობის არჩევნები აქვს წინ, შეიძლება სარისკოდ მიაჩნდეს ხმამაღალი საუბარი იმის შესახებ, რომ დეკრიმინალიზებას აპირებს და ა.შ.

„ამ არგუმენტით შეიძლება ვიფიქროთ, რომ პროცესი შენელდა. თუმცა, რაღა შენელებაზე, რაღა გაწელვაზეა საუბარი, როცა ამდენი ხანია მიმდინარეობს დებატები და დისკუსია. მართლა ყველა ფორმატი ნაცადია. თუ ვინმეს საუბარი უნდა, აქამდე ისაუბრებდა. ამასთან, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩივის - „ეს ხომ არ არის იმის მცდელობა, რომ არჩევნებამდე არ ვიხმაუროთ“.  ადამიანები, ჯგუფები საზოგადოებისა ნერვიულობენ, კითხულობენ - არჩევნების შემდეგ ცვლილებების რა გარანტია არსებობს. მათთვის მნიშვნელოვანია რეფორმის დაჩქარება. აქ რჩება ვარიანტი, რომ ან მმართველმა ძალამ წაგიყრუოს (რაც არარეალისტურად მეჩვენება, რადგან მართლაც კარგი თანამშრომლობა მიდის ჩვენსა და მათ შორის), ან პასუხი უნდა მოგცეს და განმარტოს, რატომ უნდა შეანელოს პროცესი, რისთვის სჭირდებათ ამდენი დრო“, - ამბობს სუბელიანი.

ის მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, ახლა უკვე გადამწყვეტი როლი ენიჭება მიმდინარე პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას, ფარდის მიღმა მომხდარის გარეთ გამოტანას.

„ჯერჯერობით პროცესი გამჭვირვალე არ არის. ეს კრიტიკა ეკუთვნის ხელისუფლებასაც და ჩვენც - მოძრაობებს, პლატფორმას. გარკვეულწილად ჩვენც ჩავკეტეთ პროცესი და ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება დაგვიანებულიც არის, მაგრამ ახლა ბოლომდე უნდა გაიხსნას, იმიტომ, რომ ჩაკეტილი პროცესი მხარეებს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევს. ღია პროცესში ყველაფერი ღიად ლაგდება. რაღაა დასამალი!... თუკი ხალხი მიიჩნევს, რომ პროცესი გაიწელა, მაშინ, ლეგიტიმური იქნება მხარეების მხრიდან ამის შესახებ ღია, საჯარო საუბარი, რათა  ყველამ გავიგოთ პასუხი. ჩვენ ჯერ ღია პასუხები არ ვიცით, რატომ იწელება [პროცესი], რისთვის სჭირდება კიდევ ამდენი ფიქრი, მართლაც ამდენ ნაფიქრს“, - ამბობს სუბელიანი.

მთავრობის მიერ მომზადებული უარყოფითი დასკვნები კანონპროექტზე

ნარკოპოლიტიკის ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებებმა უარყოფითი დასკვნები წარადგინეს. სუბელიანის თქმით, შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლება ავად თუ კარგად, არც ისე მკაფიოდ, მაგრამ ამბობს, რომ რეფორმას აპირებს, თუმცა იგივე ხელისუფლება საპირისპირო დასკვნას დებს.

მისი თქმით, ტექნიკური დეტალები გავლილი და გადალახულია, თუმცა საგანგაშოა ის, რომ პრინციპები, რომლებშიც ახალი ნარკოპოლიტიკის არსი მდგომარეობს, დასკვნებით ნეგატიურად შეფასდა.

„მათი უარყოფითი დასკვნები ეხება, მაგალითად, „ადეკვატურ ოდენობებს, იმ ოდენობებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანს, რომ მცირე ოდენობით ფლობის შემთხვევაში ნასამართლევად არ ჩაითვალოს. აპროტესტებენ იმას, რომ ჩვენ ვაქრობთ ურინოტესტირების მავნე პრაქტიკას. რეალურად კი, ჩვენ ამ პრაქტიკას „რედიზაინს“ ვუკეთებთ, ის სრულიად კი არ ქრება, არამედ რჩება კონკრეტული შემთხვევებისთვის. ამას უარყოფენ [დასკვნები] და აცხადებენ, რომ მას ვერ მიიღებენ - სჭირდებათ შესაძლებლობა; სჭირდებათ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ადამიანის შარდის შეგროვება და ისეთი შემთხვევების გამოვლენაც, როდესაც ადამიანს წარსულში აქვს მოხმარებული და ახლა აღარ არის ზემოქმედების ქვეშ. რაც პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის“, - ამბობს სუბელიანი.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ აპირებს, რომ საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამთავრობო უწყებებთან კიდევ ერთხელ დააყენოს ეს საკითხი.

 „როდესაც ემზადები მნიშვნელოვანი რეფორმისთვის, რომელიც ზეგ უნდა გააკეთო, არაბუნებრივია,  რომ დღეს ამაზე არ ილაპარაკო. ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს. იმ ნაწილს ხელისუფლებისა, რომელიც ამბობს, რომ რეფორმას აპირებს, აკლია სითამამე. ჩვენ ვამბობთ - მოდი, გავხსნათ ეს თამაში და ღიად ვისაუბროთ. თუკი ყველამ ვიცით, რომ ეს რეფორმა მზადდება, და ჩუმ-ჩუმად ყველა ერთმანეთში საკუთარ ხედვაზე ვლაპარაკობთ, მოდი ბარემ ერთად ვილაპარაკოთ, ორგანიზებულად, ისე, რომ არ იყოს დიდი ხმაური. თუ არადა, ვიხმაურებთ. ... იმიტომ, რომ ხალხიც ითმენს. ამ პროცესის მონაწილეა ბევრი ადამიანი. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ორგანიზაციებითა და დასახელებებით... ეს ადამიანები დღეს ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. ამავდროულად, ვერ იღებენ ნათელ მესიჯებს და ბუნებრივია, უჩნდებათ შეკითხვები - თუ ასე ახლოს მოვედით, რატომაა სიჩუმე? ვინ ჩუმდება ამაღელვებელი მომენტის წინ? არავინ არ ჩუმდება, ხომ?! ყველა საუბრობს და ჩვენ გავჩუმდით. ეს აჩენს შეკითხვებს, ამიტომ ამაზე დავფიქრდით და გავიაზრეთ“, - ამბობს სუბელიანი.

რას სთავაზობს პლატფორმა ხელისუფლებას ნარკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის - კონცეფცია

„ნარკოპოლიტიკის პლატფორმა": მნიშვნელოვანია, დაპირების გარდა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები

„დასაწყისი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებისა“, - პლატფორმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე

პაველ ბემი საქართველოს ნარკოპოლიტიკასა და დეკრიმინალიზების „სასწაულზე"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^