Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2 წლის  -  #სახლში

23 დეკემბერი 2015

შეიძლება სახლში წავიდე....

ლალიმ  მითხრა, რომ მოწვევას გამიკეთებს და გოგოებთან ერთად წავალთ სახლში. (ლალი  ფილმის გმირია, მის ოჯახთან ერთად) მერაბიც ჩამოვიდა ნაბაკევიდან, (ლალის მეუღლე)  იმ კვირას ბევრჯერ ვნახეთ ერთმანეთი.  ნათია, ლალის შვილი ამ ამბის ყოველი მოსმენისასა კივის, ხელებს მუშტად კრავს და სულ ერთი და იგივე ფრაზას ამბობს.  ანუნა, წარმოიდგინე ჩვენ სოხუმში, ვაიმეეეე . . . ნატაც აყვება ( მეორე შვილი) და ორხმოვან სიხარულში ვზივარ და ვიღიმი. არაფერზე არ ვფიქრობ. საერთოდ არაფერზე...

პერიოდულად ფიქრის გათიშვა  დიდი მიღწევაა. საკუთარ თავზე გამარჯვება. მის სირთულეს და  ხანგრძლივობას გამანადგურებელი დარტყმის მოყენება შეუძლია, ამიტომაც ვეწინააღმდეგები. ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს, კონცენტრაციის პრობლემა ამ ყველაფერს აადვილებს .

«მე ფიქრი მტკივა, როგორც ხეიბარს

დიდი ხნის წინათ მოჭრილი ფეხი

სტკივდება ხოლმე»

ზუსტად ასეა.

- - -

გაზაფხული, ზაფხული, რახმანინოვი, გადაღებები, შაბათი, კვირა, ბიჭები აფხაზეთიდან, ქალები შავებში, აფხაზები, რუსები, რახმანინოვი. ტყეში, მინდორში, ენგურის პირას, ენგურში, ხიდზე, მანქანებში, ურემზე...

ვზივარ და ისევ იმაზე ვფიქრობ, რა მაკლია...

ერთხელაც მარტო ვრჩები და პასუხი მოდის - კი წახვალ. მორჩა. წასვლამდე 2 კვირით ადრე პირველად ვადასტურებ რომ მივდივართ. ადრე დუმილი იყო თანხმობა.  ფიქრის პროცესში მხოლოდ ნინას ვეუბნები რომ წასვლას ვგეგმავ. ( ნინა ივანიშვილი, GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი)

. . .

აგვისტოში გადაღებებისას ყველაფერს ვაკეთებ რაც ენდოკრინოლოგმა ამიკრძალა.  მზეზე ყოფნა, სირბილი, დაღლა, სრული დატვირთვით მუშაობა, ღელვა, სტრესი... მთელი კომპლექტია მეტასტაზების ხელახლა მოსაშენებლად. 

გადაღებების დასრულებიდან მეორე დღეს, როცა თავს უფლებას ვაძლევ დაისვენოს, ყველაფერი ერთად  იჩენს თავს.  მე, მამიდაჩემი და მისი მეგობარი ექიმი ნინო,  ოთხი დღე არტერიული წნევის  აქამდე უჩვეულო სიახლოვეს ვუმკლავდებით. ესეც ახალი რეაქცია.

მამიდაჩემი ღელავს...

არაფერზე ვფიქრობ. არც იმაზე, რომ დასვენების დღეები დაემთხვა და ჩემი ვიზიტი შემცირდა. არც იმაზე, როდის და რამდენი ხნით წავალ. როგორც მოხდება, ისე უნდა მოხდეს. იქნება ის, რაც უნდა იყოს. 

ლალი მირეკავს. მოწვევა მზადაა. ამ ყველაფრის შემდეგ ვცდილობ ზუგდიდიდან უჩუმრად გავიპარო. ვამბობ რომ ბათუმში მივდივარ გადაღებებზე. ქუჩაში ჩანთით გამოსულს მეგობრები მხვდებიან, წაყვანას მთავაზობენ. შეძლებისდაგარად ვიცილებ. სწრაფად ვჯდები ჯახუს ტაქსში და ხიდზე მივდივართ. ჯახუმ რამდენჯერმე მომიყვანა ხიდზე და შეკითხვა არ უჩნდება - ვრჩები, გადავდივარ, მივდივარ თუ მოვდივარ. არც ის იცის რომ ომის შემდეგ არ გადავსულვარ ენგურს იქით და ვმალავ, რომ ვინმემ ხელი არ შემიშალოს. ან რატომ უნდა გაუკვირდეს, ხალხი წლებია მიდი-მოდის, განა ყველა ჩემსავითაა. პოლიციის პუნქტისთვის შეუმჩნეველი არ ვრჩები. უხარიათ ჩემი კამერის გარეშე ნახვა. ზოგადად ძალიან უხარიათ, როცა არ ვიღებ და განსაკუთრებული კონტროლი არ უწევთ არც ჩემი და არც პერიმეტრის.

ხიდზე ბაბუა მხვდება. ლალის მამა. ამაყი, თავაწეული. თავადი ანჯაფარიძე ვარო ამბობს და სიარულის მანერაც ამ ფრაზის შესაფერი აქვს. აფხაზების პატარა პუნქტს გავდივართ. შემდეგ რუსულს. მინა დაფარულია, მოქუფრული ამინდი რომ არა, ვერ ნახავ შიგნით ვინმე არის თუ არა. ფარატინა ქაღალდს ვაწვდი... მოწვევა კედლის კალენდრის მონახევს ჰგავს. პასპორტს ფურცლავს.  მოწვევაზე ბეჭედს არტყამს და მიბრუნებს. ბაბუა მშვიდად, აუღელვებლად მიუყვება საზღვრის პერიმეტრს. ვცდილობ მივბაძო, სიმშვიდითაც და სიარულის მანერითაც.

გადავედი. გზაში ქალს ვეხმარებით ბარგის გადატანაში. გაოცებული გვიყურებს. ენგურის და ხურჩის ხიდზე ყველა მიეჩვია საკუთარი ტვირთის თრევას.  ვინმე ბარგის გარეშე, ცარიელი ხელებით რომ მიდიოდეს შეიძლება არ ან ვერ გაბედოს მოშველება.

სოფელი ნაბაკევი ხურჩის ხიდს ესაზღვრება. თუმცა, თუ მოწვევით ჩადიხარ შემოვლითი გზით, ენგურის ხიდით გიწევს გადასვლა, რაც ინტენსიურად მოძრავი ხალხის ცხოვრებას კიდვ უფრო ართულებს. ხურჩის ხიდით მხოლოდ პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ სარგებლობა.

როგორც კი ცენტრალური გზიდან გადაუხვევ და ნაბაკევისკენ დაიწყებ სვლას, გზად სახლები გეფეთება. დამწვარი, მხოლოდ ჩონჩხებშემორჩენილი, ალაგ-ალაგ რამდენიმე ოთახია აღდგენილი. იქ სადაც ცხოვრობენ, მინდორი სამეგრელო-აფხაზეთისთვის დამახასიათებელი პეწით არის მოპრიალებული. დატოვებულ, მიტოვებულ სახლებში ბუნებაა შეჭრილი. თუ კარგად არ დააკვირდები ვერც  შენიშნავ როგორ შთანთქა მან სახლის კონსტრუქცია. ჩუმად ჭამს. 

- - -

რამდენიმე დღეა ნაბაკევში ვართ. სოფლები შემოვიარეთ. ადრე მხოლოდ სახელებით ვიცოდი, ახლა  ვხედავ და მაოცებს სხვაობა. ენგურს გაღმა და გამოღმა სულ სხვა საქართველოა. სახლები სიმწვანეშია. თითქოს ამ სიმწვანეს გაუჩუმებია ეს გარემოც. სიჩუმე... სიჩუმე... სიჩუმე... გაფუჭებულ გზებზე ავტომობილებიც ჩუმად მოძრაობენ. სამხედრო მანქანებს სპეციალური ჩამხშობი აქვთ. შეუმჩნევლად რომ მოგიახლოვდნენ და მოიმოქმედონ ის რაც უნდათ. ვინმე დაუშლის? დღისით ინტენსიურად მიმოდიან.  უცნაურია... შტაბები და სახმედრო ბაზა რომლის სახურავსაც შორიდან ვხედავდი ხურჩის ხიდიდან ახლა პირდაპირ ჩემს თვალწინაა.

გზად ბაბუ და მერაბი ნამოსახლარებზე ყვებიან. სად ვინ ცხოვრობდა და რა შეემთხვა... ალაგ-ალაგ გზად და ცენტრებში საბჭოთა სიმბოლოები და მემორიალები გვხვდება. თუ რამე შემორჩა კარგი შესასწავლი იქნებოდა ირაკლისთვის ვფიქრობ (ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა ისტორიის მკვლევარი).

სიმწვანიდან ზღვის ქვიშიან სანაპიროზე გავდივართ. ზღვა თბილია, სუფთა და არ ჰგავს აქამდე ნანახს. სანაპიროზე მოქცევის დროს გამორიყული წლობით დაგროვილი ნაგავია. არც ვიზიტორების დაუდევრობას უჩივის.

საღამოა... მერაბის მაგნოლიასთან ვზივართ, ფესვები მიწის ზედაპირზე და ნამოსახლარის მოედანზე ამოუყრია. ასე მგონია ამ ადგილმა ასწლოვანი მაგნოლიის შექმნილი მიკროგარემოს გარდა  მერაბის რომანტიული, მეოცნებე ხასიათიც შეითვისა და მაშინ როცა ოჯახი თბილისშია და ის მარტო  რჩება ნაბაკევში, ენერგიებს ცვლიან. მაგნოლიის გვერდით პატარა მოედანია. ადრე აქ სახლის კიბე იყო...

ხალხს ვაკვირდები... ძალიან გვანან ბაბუაჩემს, მის ძმას, ჩემს ნათესავებს აფხაზეთიდან. სხვანაირი სისადავეა მათ ქცევაში. მსიამოვნებს...

ღამით სიჩუმეს სიბნელე ემატება. ეზოდან მოშორებით მბჟუტავი შუქი მოსჩანს. ვიღაცის საფლავია განათებული. ტურების ყმუილი ისმის. ყველანი სახლში ვართ და შიში არ მეკიდება. არ გეკარება ალბათ  ნეტავ ვინც აქ დარჩა იმათ კიდევ ეშინიათ?

---

სოხუმში მივდივართ. ცენტრალური გზა აღდგენილია. ერთი შეხედვით ჩვეულებრივადაა ყველაფერი. ჩვეულებრივობას ალაგ-ალაგ ამომართული ბილბორდი არღვევს. ნაწილზე არძინბას იუბილეს აღნიშნავენ, ნაწილზეც «აფხაზეთის ომის გმირებია» გამოსახული. ომის გმირობაც პირობითი ყოფილა. რა აზრი აქვს ერთი მხარის გმირობას, განსაკუთრებით იმ ომში, გამარჯვების შემდეგ საკუთარი ენის შენარჩუნება რომ ვერ შეგაძლებინა. მემორიალებიც მრავლადააა. მიტოვებული საფლავების ფონზე - უცნაური. უფრო მცდელობაა გალსა და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრებ უმრავლესობას, ეთნიკურად ქართველებს ხშირად შეახსენონ, ახლა ვის ეკუთვნის ეს მიწა.

ალაგ-ალაგ ახლადაშენებული, მდიდრული, მყვირალა ფერებით შეღებილი სახლებიც იპყრობს თვალს. ხან რომელი კრიმინალური ავტორიტეტისაა, ხან რომელის. მეგრული გვარები აქვთ და ვინც დაასახელეს, ყველა მოსკოვში ცხოვრობს. 

სახლების პირველ სართულზე კომერციული ან კვების ობიექტებია. წარწერები რუსულადაა. ცენტრალურ გზაზე ალაგ-ალაგ დამწვარი სახლების ნახვა და ხალხის სიმცირე ან უკაცრიელობა თუ გიჩენს შეკითხვას რომ აქ ოდესღაც რაღაც მოხდა. ნაომარსაც აღარ ჰგავს. მანქანაში როცა ზიხარ სიჩუმეს ვერ გრძნობ.

ფაქტია, რომ აქ ახლა სხვა ომია.

გალი. ცენტრალური პარკი. ბავშვები სკოლასთან დგანან. მეგრულად საუბრობენ. ჩუმად ვუგდებთ ყურს. წელს ქართულად სწავლება 1 საათამდე შეამცირეს. აქ ყოფნისას შევიტყვე, რომ გეგმავენ რამდენიმე წელიწადში სრულად რუსულ სასწავლო პროგრამაზე გადასვლა,-. უფრო უგეგმავენ, მიუხედავად აფხაზურ ბეჭდურ და ტვ მედიაში გამოთქმული აფხაზური ენის დაცვისკენ მიმართული ათასგვარი მოსაზრებისა. პარკში შუახნის მამაკაცები სხედან და ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს მოძრაობას. როგორც წესი მილიციის თანამშრომლებიც მორიგეობენ. საბუთები წესრიგში გვაქვს, მაგრამ არც ეს არის სრული გარანტი რომ პრობლემას ვინმე არ შეგიქმნის. სწრაფად ვბრუნდებით მანქანაში. ბაბუ, ბაბუს ორი მეგობარი, ლალი, ნათია, ნატა და მე მივდივართ სოხუმისკენ.

მე-2 ნაწილის დასასრული 1 ნაწილი იხილეთ აქ
ანუნა ბუკია - ჟურნალისტი, ციფრული კომუნიკაციის და ახალი მედიის სპეციალისტი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^