Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე ბრალს გდებთ

03 მარტი 2016

არც ბარიგა იყო საჭირო და არც არაფერი. ალაზნის პირზე ადგილები უნდა გცოდნოდა, ასევე კარგი პლანის ცნობა. მდინარესთან, ერთმანეთზე მიწყობილ ფერმებსა და ტბებს შორის, რომლებსაც კრაკაძილა და სხვა მსგავსი მეტსახელების ყარაულები დარაჯობდნენ, ამოუწურავი რაოდენობის ტრუხა პლანთან ერთად კარგი მოსაწევიც გამოერეოდა ხოლმე შიგადაშიგ. ამგვარი "შემგროვებლობა" გვერჩია ეზოში ან თუნდაც სადმე მალულ ადგილას ხელოვნურად მოვლას. საშიში იყო და იმიტომ.

ჩემი სახლიდან ალაზნამდე ასე 15 კილომეტრია გასავლელი. მდინარის ხელოვნური განშტოების ქვემოდან (რომელიც თამარის არხადაა წოდებული, ძირითადად სარწყავად გამოიყენება, და სიდუხჭირისგან გონებაარეული რამდენიმე გლეხის თვითმკვლელობის მოწმე და საშუალებაცაა, და რომელსაც დროდადრო წყვეტენ ხოლმე, რათა სოფლელებს სარწყავი წყლის გადასახადის დრო შეახსენონ თავაზიანად) საძაგლად დანჯღრეულ გზას უნდა გაჰყვეთ, ქვევით, ფერმებისკენ.

იმ დილით ფეხით მივდიოდით მე და ჩემი მეგობარი. სახელს არ ვიტყვი, ან სულაც ჩემსავეს დავარქმევ. მოკლედ, მე და ზურა არხამდე მონადირეებს ჩავყევით სამთვლიანი მოტოციკლეტებით, მერე დაჭაობებულ დაღმართს დავადექით ფეხით, იმედით, რომ სადღაც ერთი საათის შემდეგ ჩვენი ნადირობაც დაიწყებოდა. მოსაწევზე.

სკოლას ვამთავრებდით. (დავაზუსტებ - სხვადასხვას). და მაშინდელ დროს თუ გავითვალისწინებთ, იმ იშვიათ გამონაკლის ბიჭებს შორის ვიყავით, რომლებსაც ქურდობა არ გვინდოდა. უფრო მეტიც - ვიცოდით, რაც გვსურდა - მეზღვაურობა. შორეული ნაოსნობის, ცხადია. ჩვენ მიერ მაშინ აწყობილი სხვადასხვა ეპოქის გემების მოდელები ახლაც მიწყვია სახლში. საზღვაო აკადემიაზე ვოცნებობდით და გაფაციცებით ვაგროვებდით წიგნებს, სახელმძღვანელოებს, რუკებს ან მოწყობილობებს, რომლებიც საზღვაო თავგადასავლებთან იყო დაკავშირებული. კარგად ვერთობოდით, ნეპტუნის მადლმა, ჩვენ, ორი კაპიტანი.

გეოგრაფიაში, ასტრონომიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ანუ, რაც ზღვაოსნობასთან პირდაპირ ან ირიბად იყო დაკავშირებული, ყველა ამ საგანში ერთი წლით მაინც უკან გვქონდა პროგრამა ჩამოტოვებული. ეს იმ პირობებში, როდესაც, ე.წ. ჰუმანიტარულ მიმართულებას ვაწვებოდით. ასე იყო მაშინ - უფროსობა შეგამჩნევდა რა საგნებისადმი "გქონდა მიდრეკილება" და იმის სწავლებას გთხოვდა გაძლიერებით.

მოკლედ, გალოვკებით დახუნძლულ, უწყინარ, სასაცილო მცენარეს რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ მივაგენით. ტოტები მოვატეხეთ, კარგად გავახვიეთ და გამოვბრუნდით. სოფლამდე რომ მოვაღწიეთ, ჩვენი ავლადიდება ამჯერად ზურამ წაიღო, სახლის უკან ბუნაგი ჰქონდა - სადაც ტოტების დაკიდება და კარგად გახმობა შეიძლებოდა. გახმობის მერე ვფხვნიდით და ასტრის ღერებში ვაწყობდით (ფილტრიანები ძვირი ღირდა, თან ფილტრი მაინც არ იყო საჭირო). ადგილობრივი დღესასწაულებისთვის ვინახავდით - ფეხბურთის მატჩები მეზობელ სკოლებს შორის; ახმეტელობა, სადაც ჭიდაობები იმართებოდა და ფალავანი, მეტსახელად ბატკანა, ყველა ბატკანს იგებდა დაუღალავად; ე.წ. მხიარული სტარტები, სადაც სიღნაღის სპორტული ნაკრები "ცეტები" გამუდმებით მარცხდებოდა ჩვენი სკოლის გუნდთან, რომელსაც "ავაზა" ერქვა და აქედან გამომდინარე, ავაზაკებად მოგვიხსენიებდა მეტოქე დაცინვით. მოკლედ, სანახაობას დამატებული თითო მასტერკა ოთხ კაცზე, არავის გვწყენდა. სხვებსაც ვუნაწილებდით, ცხადია.

ჰოდა, ზურამ მწვანე მცენარე ჯიბეში ჩაიკუჭა და საკუთარი სოფლისკენ გაუტია, ფეხით შეიძლებოდა გადასვლა.

მერე მე ის პირისპირ მხოლოდ 7 წლის შემდეგ ვნახე, ქსნის ტუბზონაში. მანამდე იყო სასამართლო პროცესები, მაგრამ ახლოს არ გვიშვებდნენ. პირველ ჯერზე 2,5 წელი მიუსაჯეს - პლანის ჯიბით ტარებას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაემატა, იმ ორწელიწადნახევარში კი სხვა - ციხის შიგნით ჩადენილი დანაშაული. ციხის, რომელიც საშუალებას არ გაძლევდა, ყოფილიყავი ადამიანი.

მეზღვაურობა აღარ უნდოდა. საკმაოდ გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად იქცა, თუმცა ეს გავლენები მის ავადმყოფობებით დანგრეულ ორგანიზმს ვეღარაფერში დაეხმარა. ამნისტიის შემდეგ წელიწადნახევარში მოკვდა, ციხეში აკიდებულ დაავადებათა მთელი თაიგულით.

ყველას, ვინც გუშინ მხარი არ დაუჭირეთ მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას, ბრალს გდებთ ჩემი მეგობრის, შორეული ნაოსნობის არშემდგარი კაპიტნის მკვლელობაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^