Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯარმუშის პოეზია

17 მაისი 2016

კანის 68-ე კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე დაპატიჟებული ერთ-ერთი სტუმარი ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე ფესტივალების სასახლეში არ შეუშვეს. მაშინ ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფესტივალის კონიუნქტურას აკრიტიკებდნენ. წელს ჯულია რობერტსი, რომელიც ფესტივალის 69-წლიან ისტორიაში პირველად გაბრჭყვიალდა წითელ ხალიჩაზე, ფეხსაცმლის გარეშე მოვიდა და შესაბამისად ფეხშიშველმა აიარა ხალიჩა. ასეთი ფორმით გამოხატა მან თავისი პროტესტი და სოლიდარობა გამოუცხადა გოგოს, რომელიც მხოლოდ იმის გამო არ დაიშვებოდა წითელ ხალიჩაზე, რომ უქუსლო ფეხსაცმლით თავს ბევრად კომფორტულად გრძნობდა. მეორე დილას კიოსკების დახლები გადაჭედილი იყო რობერტსის ფოტოებით. ისინი თითქმის ყველა დიდი გამოცემის ყდაზე მოხვდა.

გაპრანჭული წითელი ხალიჩის პარალელურად კონკურსი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. წლევანდელი საკონკურსო პროგრამა შარშანდელთან შედარებით ბევრად შთამბეჭდავია. იმის მიუხედავად, რომ წინ დაახლოებით 10 საკონკურსო ფილმია სანახავი, მსოფლიო პრესა რამდენიმე ფილმს ოქროს პალმის რტოს უკვე უწინასწარმეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯარმუშის ფილმი ამ ეტაპზე უდავო ლიდერია, პროგნოზის გაკეთება ჯერ მაინც ადრეა. წინ ალმოდოვარი, დარდენები და მუნჯუ არიან.

დღეს ყველა ჯარმუშის ახალ ფილმზე ლაპარაკობს. ვიღაცას თვალიც კი მოვკარი, ინტერნეტში ეძებდა უილიამ კარლოს უილიამსის პოემებს. პრესის ოთახში “არტეს” ჟურნალისტი მეუბნებოდა, მისი პოემები მე უკვე წავიკითხეო.

უილიამ კარლოს უილიამსი ამერიკელი პოეტია და ზუსტად იმ ქალაქიდანაა, სადაც ჯარმუშის ფილმის მთავარი გმირი ცხოვრობს.

პატერსონი პატერსონში ცხოვრობს და ის ავტობუსის მძღოლია. დილით ძალიან ადრე დგება, ჭირვეულობის გარეშე იღვიძებს და სამსახურში ფეხით მიდის. ერთადერთი მისი გასართობი მგზავრების საუბრების მოსმენაა, უსმენს და ეღიმება. საღამოს ავტობუსს სადგურში აჩერებს და ფეხითვე ბრუნდება შინ.

პატერსონი მეგობარ გოგოსთან და ერთ ინგლისურ ბულდოგთან ერთად ცხოვრობს. ლორას აკვიატებული გემოვნება აქვს, ის მათ ბინას მხოლოდ თეთრი და შავი დეტალებით აფორმებს (ლორას დეკორი ტიმ ბარტონის ფილმებს მოგაგონებთ). ამ რუტინული ცხოვრების გარეთ, პატერსონი ჯერ გამოუქვეყნებელი პოეტია და საკუთარ პოემებს “საიდუმლო დავთარში” ინახავს...

ჯარმუშმა გვანახა პატერსონის 7 დღე: რუტინული სამუშაო დღეები და არაფრით განსხვავებული შაბათ-კვირა. პატერსონი ყოველ დღე წერს ურითმო პოემებს, უემოციოდ, ინერტულად აკეთებს ამას, თუმცა მისგან განსხვავებით ლორას სჯერა, რომ პატერსონი ერთ დღეს ცნობილი პოეტი გახდება. პატერსონს კი არაფრის ამბიცია არ აქვს, მას ერთი მკითხველიც აკმაყოფილებს - ლორა.

ჯარმუშს ერთ-ერთ მთავარ გმირად შემოჰყავს ძაღლი მარვინი, რომელიც ინგლისური ბულდოგია - მუდამ დაღლილი ან გაბრაზებული. სახლში დაბრუნებული პატერსონი მარვინს ყოველ საღამოს ასეირნებს, ბარის წინ აბამს, თვითონ ლუდს სვამს და უკან ბრუნდებიან, რაც მთავარია, მარვინს და პატერსონს ერთმანეთი საერთოდ არ უყვართ.

ფილმის დაწყებამდე ეკრანზე ტრადიციულად, წითელი საფეხურები და ფესტივალის ლოგო ჩნდება. ამ დროს დარბაზი ტაშს უკრავს ფესტივალს. შემდეგ აპლოდისმენტები უკვე ჩვეულებრივ, ფილმის ბოლოსაა. პატერსონის კინოჩვენებაზე პრესამ ტაში ოთხჯერ დაუკრა: პირველი ტაში ეძღვნებოდა ფესტივალს, მეორე - ტიტრებში ჯარმუშის სახელის გამოჩენას, მესამე - ერთ-ერთ კადრს (ეს ძალიან იშვიათად ხდება კანში, ფილმის მსვლელობისას აპლოდისმენტები უიშვიათესი შემთხვევაა), დაბოლოს, ხანგძლივი აპლოდისმენტები ჯარმუშის პოეზიას.

პირადად მე არ ვარ პოეზიის მოყვარული, თუმცა უილიამ კარლოს უილიამსი გულდასმით წავიკითხე.

“ფილმის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წუთში უკვე ათამდე ქვეყანამ იყიდა “პატერსონი”, - წერდა ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა ტვიტერზე.

ფილმი 1:45 წუთი გრძელდება. წლევანდელი რეჟისორებისგან განსხვავებით ჯარმუშის ქრონომეტრაჟი მოკლედაც შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ფილმია, რაც კი აქამდე მინახავს, ჰარმონიული, ძალიან ამერიკული, საოცარი მხატვრობითა და მსუბუქი იუმორით სავსე. დარბაზიდან გამოსული, სიამოვნებით შევბრუნდებოდი იმავე ფილმის სანახავად.

ჯიმი დაბრუნდა ოქროს პალმის რტოს სახლში წასაღებად!

კანის 69-ე კინოფესტივალი

პირველი საკონკურსო დღე

სოციალური კინო. მეორე საკონკურსო დღე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^