Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიდევ ერთხელ შრომის კოდექსზე

11 თებერვალი 2017

წინა წერილი სულ ახლახანს გამოვაქვეყნე, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ არ შეიძლება აღფრთოვანდე ვიზალიბერალიზაციით და არ გადარდებდეს მუშათა უფლებების დარღვევა. ახლა მინდა დავწერო არგუმენტებზე, რომელიც ფაშიზმის ნიშნებს ატარებს.

ბოლო დღეებია აქტიური კამპანიებია სერვისში დასაქმებული ადამიანების დასაცავად, რომლებიც დამსაქმებლებს ექსპლუატაციასა და მონურ მოპყრობაში სდებენ ბრალს. პირველი ესაა სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“, მეორე კი პალიტრას პროექტი, წიგნის მაღაზია „ბიბლუსი“.

ადამიანების უმეტესობა დასაქმებულების მხარესაა და გამოსავალს მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში ხედავს, თუმცა გამოიკვეთა რამოდენიმე ხაზი, ერთნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს ჩარევას, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ბიუროკრატიის დაფინანსება აღარ გვინდა, უკვე გვაქვს შრომის კოდექსიც, ინსპექციაც და მთავარია ამის აღსრულება მოხდესო.

დავიწყოთ იმით, რომ პრობლემა არა აღსრულებაში და შრომის ინსპექციის შესვლა არ შესვლაში, არამედ თავად ლეგიტიმაციის წყაროშია. პრობლემა შრომის კოდექსია, რომელიც ჯერ კიდევ აძლევს უფლებას დამსაქმებელს ლავირებისას. განსაკუთრებით მეოთხე თავის მეთოთხმეტე მუხლი, სადაც საუბარია სამუშაოზე, შესვენებასა და დასვენების დროზე.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს „ფრესკოს“ ქეისში თიითქმის არაფერი არ დარღვეულა, არც ხელფასის ოდენობის განსაზღვრა ხდება შრომის კოდექსის მიერ. ანაზღაურებისასაც არ დარღვეულა კოდექსი. თუ მათი თვიური ხელფასია 400 ლარი, საათობრივი ანაზღაურება გამოდის საათში 1.6 ლარი იმიტომ რომ კვირაში 60 საათს მუშაობდნენ. ზეგანაკვეთური შრომა სიმბოლურად უნდა იყოს საათობრივ ანაზღაურებაზე მეტი, 1.6 ლარზე მეტი არის 1.7 ლარიც.

24 საათიანი სამუშაოც შესაძლებელია, მხოლოდ აუცილებელია 12 საათი დასვენება, რომელიც შეგიძლია გაიყვანო 'სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმში' როგორიც ახალი წელია. დანარჩენ შემთხვევაში არ ეწერა არსად რომ არ ასვენებდნენ.

არც დამატებითი თანხებია საჭირო ბიუროკრატიის დასაფინანსებლად, მთავარი არის მხოლოდ ნება. პოლიტიკური ნებაა საჭირო. შრომის კოდექსია დასახვეწი. სასამართლოს ისედაც ვუხდით ფულს.

ამასთანავე აუცილებელია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაიშალოს და შრომა განცალკევდეს.

ევროკომისია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს შრომის ინსპექციის საჭიროებაზე. ასოცირების ხელშეკრულებაშიც ნათლადაა ხაზგასმული მისი როლი, კომისია ხაზს უსვამს, როგორც გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანალიზისას. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში სერიოზული გამოწვევები რჩება შრომის ინსპექციის სისტემის უზრუნველყოფისა და ამ მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირების მიმართულებით.

საქართველოს კანონმდებლობა არ განმარტავს შრომით ექსპლუატაციას. ინსპექციას იმის უფლებაც არ აქვს, რომ კომპანიის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე შევიდეს.  შრომის ინსპექციას შრომის უფლებები არ ეხება, იგი მხოლოდ უსაფრთხოებით ინტერესდება, ისიც სანქციის უფლების გარეშე, უბრალოდ რეკომენდაციებს წერს.

ევროპის 37 ქვეყანაში არსებობს გამართული შრომის ინსპექცია, მათ შორის რუსეთშიც. ყველაზე განვითარებული ქვეყნები, უკლებლივ ყველა ხვდება ამ სიაში. შრომის ინსპექცია პირდაპირპროპორციულია განვითარების, ადამიანის დაფასების და იმის, რაც ასე გვხიბლავს ევროპაში.

ხოლო მათთვის, ვინც საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობაზე, შრომის ინსპექციის უარყოფით მხარეებზე, იმაზე რომ ბიზნესს შეაფერხებს, კორუფციის წყარო იქნება და ა.შ. აქვე გთავაზობთ ამერიკულ კომიქსს „კორპორაციული წუწუნის ისტორია“

პერიოდიზაციის გააზრების მიხედვით უფრო საინტერესო ხდება, ინდუსტრიული წარმოების ფორმებიდან როგორ იცვლება რიტორიკა პოსტ-ინდუსტრიულ წარმოების ფორმების დროს და ასევე გაავლეთ პარალელები ჩვენეულ უარგუმენტო, მითოლოგიურ წუწუნზე, რომ შრომის ინსპექცია კორუფციის წყარო იქნება, რომ ბიზნეს გარემოს მაქსიმალურად მოქნილი შრომის კოდექსი უნდა და რომ დერეგულაცია ყველაფრის მკურნალია.

ფოტო: თბილისის სოლიდარობის ქსელი

ჯერ კიდევ 19-ე საუკუნის ბოლოს მემარჯვენე ელიტა წუხდა იმაზე, რომ, თუ მშრომელებს კანონიერი გაფიცვის უფლება ექნებოდათ, ბიზნესი გაჩერდებოდა და ვერ გადარჩებოდა. 20-ე საუკუნის დასაწყისში ამბობდნენ, რომ მშრომელების სიკვდილი ცუდია, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაძალება ბიზნესისთვის კატასტროფა იქნებოდა. შემდეგ აპროტესტებდნენ ბავშვების შრომის აკრძალვას, ასევე იმ მიზეზით, რომ ბიზნესს შეაფერხებდა. 60-იან წლებში აპროტესტებდნენ თანაბარ ანაზღაურებას, რომელიც შავკანიანებს და ქალებს უნდა ჰქონოდათ. ესეც იმ მიზეზით, რომ ეკონომიკა რეგრესს განიცდიდა. შემდეგ დაზღვევაზე იყო წუწუნი და მინიშნება იმაზე, რომ ის უმუშევრობის წყარო გახდებოდა, რაც ეკონომიკას შეაფერხებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ...

ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ აქტივიზმი და ბრძოლა პროგრესის პირდაპირპროპორციულია. ის რაც ახლა ნორმაა ბრძოლის შედეგად მივიღეთ. ახლა რაზეც ვიბრძოლებთ მომავალში ის გახდება ნორმა და მშრომელთა ასეთი ექსპლუატაცია, რაც დღეს ხდება საქართველოში, უკვე მონობად ჩაითვლება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^