Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

3 წლის - #სახლში

25 დეკემბერი 2015

ილორი. ხიდის ქვეშ, მთელ სიგრძეზე სამხედრო მანქანებს და რუს სამხედროებს ვხედავთ. ლიანდაგების ირგვლივ მცენარეეებისგან გაწმენდილი გზა და დატკეპნილი მიწაა.  მანქანა სწრაფად მოძრაობს და ყველაფრის გადაღებას ვერ ვასწრებ. სწრაფად მუშაობენ, ამბობს ვიღაც.

ილორი. საბჭოთა ეპოქაში მოქმედი ერთადერთი ტაძარი აფხაზეთსა და სამეგრელოში. (მე ასე ვიცი, ბევრჯერ აღუნიშნავთ ნათლობის ისტორიების მოყოლისას ჩემს ახლობლებს) ილორის ხსენებაზე, მამაჩემი სულ მისი ნათლულის სპონტანურად მონათვლის ამბავს ყვება.

აქ ვარ. ტაძარი ისევ ახლადშეთეთრებულია. ეს შეთეთრება ყოველწლიური, სავალდებულო ხასიათის ღებვას ჰგავს უკვე. ზამთრის შემდეგ ასე ღებავდნენ ყველა ძველ შენობას მოსკოვში. რუსული წარწერები. რუსი სასულიერო პირები.  ნახულობს რა ჩემს ფოტოკამერას, ვიღაც მაფრთხილებს რომ შიგნით გადაღება არ შეიძლება. ზუსტად ამ მომენტში, ტაძრის შესასვლელში, კონდინციონერების საჰაეროს ქვეშ გარკვევით ვხედავ სიმბოლოს, რომ გადაღება არ შეიძლება. შევდივართ. სიფრიფანა, გამხდარი, ცისფერ მოსასხამიანი გოგო ლამის მოსრიალდა ჩემამდე და მანაც გაგვაფრთხილა არ გადაიღოთო. ბატიუშკა ვიღაცას არიგებს. ამ სითეთრის საკუთარი თვალით ხილვის შემდეგ მისი ასე მოხსენებისთვის ძალა გინდა.  მისი ნახვისას ვგრძნობ რომ ბრაზი მემატება, გვერდს ვუვლი და ცენტრისკენ მივდივარ. დარბაზი შეთეთრებულია და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დამახასიათებელი ხატები კიდია. სანთლებს ვერ ვყიდულობთ.

სალოცავის გუმბათიან ნაწილში შევდივართ. ქართული ფრესკები გაშავებულია, სიძველისგან რომ იცის მუქი შავი ფერის გადაკვრა, ისე. მარცხნივ ერთ-ერთ ფრესკაზე საათი და კალენდარი მიუკრავთ. წრეს ვარტყამთ და ჩუმად ვაგრძელებთ გადაღებას. თითქოს ამ სიჯიუტით ვპასუხობთ აკრძალვას.

შემოსვლისას შევნიშნეთ, რომ  რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ჩამოდგა.  თანდათან ტაძარში შემოსვლა იწყეს. პილიგრიმული ტურები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა საინტერესოა არა?! მათთვისაც მისახვედრია რომ რუსები არ ვართ, არც აფხაზები. პასუხიც არ აყოვნებს  - ასაკოვანი, ჩაფსკვნილი, მოსალოცად შემოსული რუსი წყვილი დაკვირვების შემდეგ ხვდება რომ ფოტოებს ვიღებთ, გვიყურებენ, შემდეგ ეკლესიის მსახურს ანიშნებენ. ისიც მოდის და შენიშვნას გვაძლევს. სიმწრის და ბრაზისგან მე და ნატა კონტროლს ვკარგავთ და ყველა შესაძლო ხერხით ვცდილობთ გადაღებას. საერთოდ ამ ბრაზს, სიმწარესა და ჩუმ ბრძოლაში რა წამოვიღეთ ილორიდან არ ვიცი. ფაქტია რომ სიმშვიდე უფრო დავკარგეთ ვიდრე ვიპოვეთ.

ეზოში შესვლიდან ვიდრე ტაძრის დატოვებამდე ერთხელაც ვერ დავხარე თავი და გადავიწერე პირჯვარი ისე, როგორც შეიძლება  ტაძარში  აკეთებდეს  მორწმუნე.

სამრეკლოს ქვეშ ქართულწარწერიანი საფლავის ნახვა გვაკვირვებს, როგორ არ ამოყარეს, არ გადააგდეს, არ წაშალეს.

მალე იზამენ, სადაც დარბაზი და სხვა ნაგებობები ათგზის გადათეთრდა, გუმბათის ნაწილის შეთეთრებას და საფლავის ქვების გადაყრას რა შეუშლის ხელს.

ილორს ვტოვებთ სიმძიმით... ვართ ჩუმად... ფაქტია ჩვენს ბრაზსაც არა აქვს აზრი. საინტერესოა რუსმა ტურისტებმა რაზე ილოცეს და რა ითხოვეს?!

---

ოჩამჩირე სხვაგვარად წარმომედგინა. ლამაზი ყოფილა. ზღვის კლიმატისთვის შესაფერი არქიტექტურა ჰქონიათ სახლებს.  ალაგ-ალაგ გადარჩენილია ძველი, და შეიძლება შეიგრძნო როგორი იყო ის ადრე. სახლების შემდეგ სწრაფად გადიხარ გზაზე, რომელსაც გრძელი სანაპირო ჩაუყვება. ასე გგონია გზა და ზღვა ერთდებაო. ფილმებში ნანახ ბრაზილიურ სანაპიროებს ჰგავს.

მე-3 ნაწილის დასასრული 1 ნაწილი იხილეთ აქ მე-2 ნაწილი იხილეთ აქ
ანუნა ბუკია - ჟურნალისტი, ციფრული კომუნიკაციის და ახალი მედიის სპეციალისტი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^